ახალი ამბები

თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურამ 7 პირი დააკავა – დაყადაღებულია 5 მილიონამდე ღირებულების ქონება

4 თებერვალი, 2024 • 2252
თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურამ 7 პირი დააკავა – დაყადაღებულია 5 მილიონამდე ღირებულების ქონება

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს ტრანსნაციონალურ თაღლითობაში ჩართული 7 პირი.

მათ ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლებით წარედგინათ. დანაშაულები სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით მოთხოვნით პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს.

საქმე ეხება ე.წ. თაღლითურ ქოლ-ცენტრებს. უწყების ცნობით, ბრალდებულთა ჯგუფი საქართველოში აფუძნებდა კომპანიებს, მათ ბაზაზე ქმნიდა ქოლ-ცენტრებს და თაღლითური სქემით, ეუფლებოდა შვეიცარიის მოქალაქეთა ქონებას.

“ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს ამგვარი ქოლ-ცენტრები, იქ დასაქმებული ათეულობით ადამიანი და მათი საცხოვრებელი სახლები და ავტომანქანები. უწყებს ცნობით, ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მუშაობისას თანამშრომლობდნენ ევროჯასტთან [ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანი იუსტიციის სფეროში] და შვეიცარიის შესაბამის უწყებებთან.

პროკურატურის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი