სამართალი

უსინათლოთა კავშირის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს გაფლანგვის მუხლით ბრალი წარუდგინეს

9 ნოემბერი, 2023 • 1382
უსინათლოთა კავშირის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს გაფლანგვის მუხლით ბრალი წარუდგინეს

უსინათლოთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს პროკურატურამ ორგანიზაციის ქონების გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით ბრალდება წაუყენა.

სოფო ხუციშვილს, რომელიც ამჟამად კავშირის თავმჯდომარეა, და რევაზ მაისურაძეს, რომელიც წარსულში იკავებდა თავმჯდომარის თანამდებობას, ახლა კი ხუციშვილის მრჩეველია, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 182 და 220 მუხლებით ედავება.

დღეს, 9 ნოემბერს ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, მაისურაძეს 35 000 ლარის ოდენობით, ხუციშვილის კი — 7 000 ლარის. გირაოს შეფარდებას სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვდა. პროკურორმა მაისურაძისთვის 50 000 ლარის, ხუციშვილისთვის კი 10 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდნენ დაცვის მხარის ადვოკატები.

რევაზ მაისურაძის უფლებადამცველმა რევაზ კაპანაძემ გირაოს სახით 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, სოფო ხუციშვილის ადვოკატი კი მისი მარწმუნებლის გირაოს გარეშე დატოვებას ითხოვდა. დაცვის მხარე ასევე არ დაეთანხმა ბრალდების მოთხოვნას ბრალდებულებისთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვის თაობაზე, თუმცა მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

„დადგენილია, რომ სახელმწიფომ საქართველოს უსინათლოთა კავშირს ეტაპობრივად გადასცა რამდენიმე მილიონი ლარის უძრავი და მოძრავი ქონება მხოლოდ ერთი მიზნით, რომ უზრუნველეყო კავშირში გაწევრიანებული დაახლოებით 3000 პირისათვის საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სოციალური პირობების შექმნა.

ამ მიზნით კავშირის წევრებმა აირჩიეს ხელმძღვანელი პირები და დღეის მდგომარეობით დგინდება, რომ მათ გაფლანგეს კავშირის კუთვნილი დიდი ოდენობით მოძრავი ქონება და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი კავშირს“, — აცხადებს საქმის პროკურორი დავით კაპანაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

როგორც კაპანაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღნიშნული ეპიზოდი ერთ-ერთია იმ საქმეებს შორის, რომელსაც აღნიშნული პირების მონაწილეობით პროკურატურა იძიებს. ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ უწყებაში ასეთი კიდევ ათობით ეპიზოდია, რომელზეც გამოძიება ჯერჯერობით დასრულებული არ არის. უშუალოდ ის ეპიზოდი კი, რომლის ფარგლებშიც კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეს ბრალი წარედგინათ, შპს „ბიზნეს აკადემიას“ ეხება.

აღნიშნულზე ჟურნალისტური გამოძიება „აიფაქტმა“ ჩაატარა. საუბარია ფონიჭალაში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელზეც 2000-იან წლებში უსინათლოთა დასახლება იყო განთავსებული. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამ ტერიტორიაზე უსინათლოთა კავშირის საკუთრებაში 3 ნაკვეთია, რომელთა საერთო ფართობი 1.05 ჰექტარს შეადგენს, კავშირის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელზე კი 3.3 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებია გაფორმებული. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც უსინათლოთა კავშირის საკუთრებაში იყო, 2010 წელს პროფესიული განათლების დაწესებულება „ბიზნეს აკადემია“ შეიქმნა. ორგანიზაციის 49%-იან წილს, „აიფაქტის“ თქმით, დაფუძნებისას უსინათლოთა კავშირი ფლობდა, 51%-ს კი, კერძო პირები, ია და კახაბერ ერაძეები.

აიფაქტის” მიხედვით, კავშირმა კომპანიის კაპიტალში კავშირის მფლობელობაში არსებული კულტურის სახლის პირველი სართული 842 კვ.მ. ფართი შეიტანა და ღირებულებად 82,540 ლარი განსაზღვრა, ხოლო ერაძეებს 85,900 ლარად უნდა გაერემონტებინათ ეს ქონება, ინვენტარით აღეჭურვათ და სასწავლო დაწესებულებად ექციათ. გარიგების შედეგად, უსინათლოთა კავშირს ყოველწლიურად 300-350 ათასი ლარის შემოსავალი უნდა მიეღო.

ჟურნალისტურ გამოძიების შედეგად, „აიფაქტმა“ მოიპოვა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წელს უსინათლოთა კავშირმა ბიზნესის აკადემიის კაპიტალში დამატებით, ჯამში, 8,185 კვ.მ. ორი მიწის ნაკვეთი თავისი შენობა-ნაგებობებით ისე შეიტანა, რომ ერაძეებს კომპანიის საერთო ქონებაში არანაირი დამატებითი თანხა აღარ ჩაუდიათ. არც რაიმე სხვა ვალდებულება აუღიათ უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ გარიგების საფუძველზე უსინათლოთა კავშირს ფინანსური სარგებელი უნდა მიეღო, ამ წლების განმავლობაში კავშირს „ბიზნესაკადემიიდან“ შემოსავალი არ მიუღია.

ამის შემდეგ, „ბიზნესის აკადემიამ“ რეორგანიზაცია განიცადა და უსინათლოთა კავშირმა ბიზნესის აკადემიას უსასყიდლოდ დაუთმობდა საკუთარ 49-პროცენტიანი წილი. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, უსინათლოთა კავშირმა დაახლოებით 450 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავ ქონებაზე დაკარგა უფლება, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ბრალდება გაფლანგვას ედავება. ჯამში, პროკურატურის მტკიცებით, ზიანი, რომელიც უსინათლოთა კავშირს ამ გარიგების შედეგად მიადგა, 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

წარდგენილ ბრალდებას არ იზიარებს დაცვის მხარე. ბრალდებულმა რევაზ მაისურაძემ „ნეტგაზეთს“ კომენტარზე უარი უთხრა, თუმცა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საქმის თოთხმეტივე ტომი „თეთრი ძაფითაა შეკერილი“. მაისურაძე ადასტურებს, რომ უსინათლოთა კავშირს დივიდენდის სახით თანხა „ბიზნესაკადემიისგან“ მართლაც არ მიუღია, რაც შეეხება რეორგანიზაციის და მოძრავი ქონების საკითხს, მაისურაძე აცხადებს, რომ იმ მომენტისთვის, კავშირისთვის ცნობილი არ იყო, რა ფინანსურ სარგებელს ნახულობდა „ბიზნესაკადემია“ და არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულზე ცალკე სამოქალაქო დავა დაიწყონ სასამართლოში:

„მე ვფიქრობ, რომ პროცესში გაირკვევა, ვინ რა ჩვენება მისცა. როგორ მოხდა, რომ წესდების მიხედვით ასეთ საკითხებს გამგეობა წყვეტს და ამ დროს ორ ადამიანს უნდა შეახოცონ ხელი. ფიზიკურად რომელი ფულიც არ მოსულა, ის როგორ უნდა გაფლანგო?!“ — თქვა რეზო მაისურაძემ სასამართლო სხდომაზე.

სოფო ხუციშვილმა კი აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არც ის ცნობს და ამას საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებებით დაასაბუთებს:

„რა თქმა უნდა, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ამას შემდეგ სასამართლო პროცესებზე აბსოლუტურად დასაბუთებულად წარმოვადგენ“, — თქვა სოფო ხუციშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი