ახალი ამბები

როდის და რატომაა ხელმიუწვდომელი უფასო სასწრაფო დახმარება თბილისში

28 იანვარი, 2013 • 4979
როდის და რატომაა ხელმიუწვდომელი უფასო სასწრაფო დახმარება თბილისში

23 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე “ნეტგაზეთის” რედაქციაში, რომელიც მარჯანიშვილის ტერიტორიაზე მდებარეობს, სასწრაფო გამოვიძახეთ პაციენტისთვის, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა. 112-ის სამსახურში შეტყობინება მიიღეს, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძახებიდან 40 წუთი გავიდა და სასწრაფო არ მოვიდა, ზარი განმეორებით განვახორციელეთ. ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ყველა მანქანა დაკავებული იყო და შეგვეძლო, ფასიანი სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის მიგვემართა, ან ისევ დავლოდებით:

 

“პიკის საათებში ყოველთვის ასეთი პრობლემაა. სამწუხაროდ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით, დარეკეთ 08-ში ან 09-ში და იქ გეტყვიან ფასიანი სასწრაფოს ნომრებს,”- განაცხადა ოპერატორმა. 

 

 

პაციენტი სახლის მისამართზე გადავიყვანეთ, საიდანაც ისევ მოხდა 112-ის საშუალებით სასწრაფოს გამოძახება, თუმცა დახმარების მიღება ვერც ამ გზით მოხერხდა.

 

112-ის სამსახურიდან რედაქციაში 21:56 საათზე, ანუ გამოძახებიდან 3 საათის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ უკვე შეეძლოთ თავისუფალი ბრიგადის გამოშვება, თუმცა იმ დროისთვის პაციენტს სასწრაფო დახმარება აღარ ესაჭიროებოდა. 

 

იმის მიუხედავად, რომ თბილისის მერიის „სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის”  მიზანია თბილისის საზღვრებში თითოეული მოქალაქისათვის პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უფასოდ, 112-ის სამსახურში აცხადებენ, რომ პიკური საათების დროს (დილის 9-დან 10 საათამდე, 19-დან 24-საათამდე და შესაძლოა, დღის სხვა მონაკვეთშიც) უფასო სასწრაფო დახმარების სერვისით პაციენტებმა ვერ ისარგებლონ. 

რატომ იქმნება სასწრაფო დახმარების მანქანების სიმცირის პრობლემა და არის თუ არა 112-ის ოპერატორი ვალდებული მაშინვე გააფრთხილოს პაციენტი მანქანების არასაკმარისი რაოდენობის შესახებ? – ამ კითხვებით 112-ის სამსახურს მივმართეთ. 

 

“პიკურ პერიოდში, როდესაც არ არის თავისუფალი ბრიგადა და მოქალაქეს ესაჭიროება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება, “112”-ის ოპერატორი, როგორც წესი, აფრთხილებს მოქალაქეს, რომ სასწრაფოს ბრიგადა ვერ შეძლებს დროულად მისვლას და, ამავდროულად, ურჩევს მიმართოს ალტერნატიულ გზებს. თუ შემოსული შეტყობინების შემდეგ ერთ საათზე მეტხანს ვერ ხდება სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის შემთხვევის ადგილზე მისვლა, „112“-ის ოპერატორი, როგორც წესი, უკავშირდება მოქალაქეს და აცნობებს, გაგზავნილია თუ არა მასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა,”- აცხადებენ 112-ის სამსხურში. 


კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ნახევარი საათის განმავლობაში სასწრაფო არ მოდის და პაციენტს საფრთხე შეექმნება, პაციენტის გაუფრთხილებლობის გამო იღებს თუ არა რაიმე სახის პასუხისმგელობას 112-ის სამსახური, პასუხი ასეთია: 


“შეტყობინების ინიციატორისათვის (მოქალაქისათვის) ამგვარი  გაფრთხილების არმიცემის შემთხვევაში, სსიპ „112“-ის პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა შეიძლება ყოველი კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.” 

 

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანების არასაკმარისი რაოდენობის საკითხს, საგანგებო სამსახურში პასუხობენ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და უშუალოდ სასწრაფო დახმარების სამსახურის პასუხისმგებლობაა. 

 

“ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ავტოპარკი მოძველებულია და ხშირად გვიწევს გაკეთება. მაგალითად, დღეს არსებული 80 მანქანიდან 5 მანქანა გასაკეთებლდაა წაყვანილი. ეს 5 მანქანა დღეს გაკეთდება და მერე ისევ მაგდენივე გაფუჭდება,”- ამბობს თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორი კახა ჩიხლაძე.

  

მისივე განმარტებით, მანქანების დამატება მცირე ფინანსური რესურსის მიზეზით ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ახალი მანქანების საყიდლად ტენდერი ამ დღეებში გამოცხადდება. ახალმა მანქანებმა არსებული, გაუმართავი მანქანები ეტაპობრივად უნდა შეცვალოს.

 

არსებული პრობლემიდან გამოსავლს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი საყოველთაო დაზღვევაში ხედავს. 

 

“მაგალითად, გუშინწინ 1600 გამოძახება დაფიქსირდა, ეს მაღალი ციფრია. აი, პოლონეთში, თბილისის მასშტაბის ქალაქს სულ 40 ბრიგადა ემსახურება და სრულიად საკმარისია. ასეთი განსხვავება პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარებას უკავშირდება. ჩვენთან ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო პაციენტს ურჩევნია უფასო სასწრაფო დახმარება გამოიძახოს, ვიდრე პოლიკლინიკაში მივიდეს. ვფიქრობ, თებერვლიდან საყოველთაო დაზღვევის შემოსვლა ამ პრობლემას მოაგვარებს,”- ამბობს ჩიხლაძე. 

 

სასწრაფო დახმარების მისვლის პრობლემა საქართველოს რეგიონებსაც აქვს, თუმცა იქ დაგვიანების პრობლემის მთავარ მიზეზს სისტემის ცენტრალიზებას უკავშირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი