“სამართლებრივად გადაწყვეტილებას პრობლემა არ აქვს” – მოსამართლე მაია ვაჩაძის განმარტებები რ2-ის საქმეზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად პრობლემა არ აქვს.

მანვე განაცხადა, რომ ამ საქმეზე მმართველი გუნდის წევრებისგან ზეწოლა არ ყოფილა – “მე შემიძლია პატიოსნად განგიმარტოთ, რომ არანაირი კომუნიკაცია ჩემთან არავის ამ თემაზე არ ჰქონია.”

ეს განცხადება მოსამართლემ 5 აპრილს, უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“მატერიალურ-სამართლებრივად და პროცესუალურ-სამართლებრივად გადაწყვეტილებას პრობლემა არ აქვს. გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და კანონიერი,”- ამბობს მაია ვაჩაძე. გადაწყვეტილება გუშინ, 4 აპრილს გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, ძირითადი სამართლებრვი შეფასება გაკეთებულია როგორც პრესრელიზში, ისე გადაწყვეტილებაში, რომელიც ეფუძნება იძულების სამართლებრივ შეფასებას, პასუხი აქვს გაცემული ხანდაზმულობის და საპროცესო სამართლებრივი ნორმების დარღვევას და ა.შ.

“როგორც იურისტები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ყურადღებით გაეცნობიან და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვინმესთვის არ არის მათი სასარგებლო, მაგრამ არის დასაბუთებული,”- განაცხადა მოსმართლემ.

მაია ვაჩაძემ ასევე ისაუბრა მტკიცებულებზეც:

“საქმეში ყველა მტკიცებულებაზე არის ყურადღება გამახვილებული და ყველა მტკიცებულება არის საყოველთაოდ ცნობილი მტკიცებულება, რომელსაც მხარის მიერ დამატებითი მტკიცება არ სჭირდება. მთავარია, რომ მან ის მიუთითა. პირველი ის, რომ მის მიერ წარდგენილია მითითება იმის შესახებ, რომ 2008 წელს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა ამაზე ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დევს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ეს არის ის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, რომლებსაც დამატებით მტკიცება მხარის მიერ არ სჭირდება.

შემდეგომი, ეს არის პარლამენტის აქტი. იძულების საკითხთან დაკავშირებით შეფასება პარლამენტის მიერ გაკეთებულია. იძულება არის სამართლებრივი შეფასება და არა ფაქტი. მოსამართლე, პარლამენტი, აკეთებს ამ ფაქტის სამართლებრივ შეფასებას.

ასევე არის პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც მიიღო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისაგან, ასევეა ის დოკუმენტები, რომელიც წარდგენილი იყო პროკურატურაში მის მიერ საჩივრის წარდგენასთან მიმართებაში.”

მოსამართლე მაია ვაჩაძემ დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 23 დეკემბერს მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ დიდი პალატის შემადგენლობაში იქნებოდა. 1 დეკემბრიდან კი საქმის “ყველა მასალა ჩემს მაგიდაზე იყო”.

მაია ვაჩაძის თქმით, იურისტებს ოფიციალური შეტყობინების გარეშეც უნდა სცოდნოდათ, თუ ვინ იქნებოდა დიდი პალატის შემადგენლობაში, რადგან ეს საკითხი კანონით არის განსაზღვრული. მანვე განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის იურისტებმა “შესანიშნავად იცოდნენ შემადგენლობა” და კანონის არცოდნა გამართლებული არ არის.

“23 ნოემბერს გიორგობის დღე იყო, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დიდ პალატას გადაეცა საქმე. დიდი პალატისთვის საქმის გადაცემის დღიდან, შეილძება ეს მოქალაქემ არ იცის, მაგრამ უნდა იცოდეს იურისტმა, დიდი პალატის შემადგენლობას არ განსაზღვრავს არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არც ერთი მოსამართლე. განსაზღვრავს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, სადაც ზუსტად წერია, რომ დიდი პალატის შემაგდენლობაში შედის თავმჯდომარე, ორი მოადგილე და შემადგენლობის წევრები, ანუ 6 წევრი, მითითებულია პირდაპირ. ამას გარდა, მითითებულია, რომ შედის სამივე პალატიდან რიგითობით შემდეგი მოსამართლე, რომელიც წინა გადაწყვეტილებაში არ იღებდა მონაწილეობას.

მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ვინმე იურისტმა ეს არ იცოდა. უნდა სცოდნოდა და რატომ: უზენაესი სასამართლოს საიტზე დიდი პალატების განყოფილებაში დევს წინა გადაწყვეტილება, სადაც მონაწილეობს ადმინისტრაციული პალატიდან ეს, სისხლის სამართლის პალატიდან – ეს, სამოქალაქო პალატიდან ყველა შემდგომი რიგითობით მოსამართლე იქნებოდა შიგნით შემავალი, ამიტომ შემადგენლობა ყველა იურისტისთვის 23 ნოემბრისთვის ცნობილი იყო.

ოფიციალურად, მხარეეებს, იურისტებს, რომლებმაც ეს იცოდნენ, კანონის შესაბამისად და კანონით იყო განსაზღვრული,  ეს ეცნობათ მაშინ, როდესაც ცვლილება მოხდა შემადგენლობაში. ანუ, ერთ-ერთი წევრი გავიდა შვებულებაში. აბსოლუტურად კანონის დაცვით იქნა გადანაცვლება იმავე პალატის შემდგომ წევრზე,”- ამბობს მაიმა ვაჩაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაიდო ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე, რომ იანვარში დაკომპლექტდა დიდი პალატა, მაია ვაჩაძე პასუხობს:

“დაკომპლექტდა იმ გაგებით, რომ ყველა მტკიცებულება, რაც საქმეში არსებობდა, ჩვენ ამ დროს გადმოგვეცა, მაგრამ მე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ყველა იურისტისთვის უზენაესი სასამართლო არ განსაზღვრავს შემადგენლობას, შევთანხმდეთ,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, მაია ვაჩაძის განცხადებით, იმ პერიოდისთვის სასამართლოსთვის უცნობი იყო უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

“სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს აღსრულება, თუმცა ეს იყო პრეცედენტული იმ გაგებით, რომ ამ საკითხზე მას არასოდეს არ გამოუყენებია ასეთ გადაწყვეტილება, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, სტრასბურგს ჩვენი დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჰქონია, უნდა შევთანხმდეთ ამაზე, და მას არ ჰქონდა საშალება, გაცნობოდა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს. აქ საუბარია იმ პროცესზე, რომელიც წარადგინა მხარემ და თქვა, რომ ადგილი აქვს სიტყვის თავისუფლების დარღვევას,”- განაცხადა მაია ვაჩაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი