ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეხვედრა ერგნეთში – ოსური მხარის ცნობით, ქართველებს მოსავლის აღების უფლებას აღარ მისცემენ

4 აპრილი, 2017 • 2532
შეხვედრა ერგნეთში – ოსური მხარის ცნობით, ქართველებს მოსავლის აღების უფლებას აღარ მისცემენ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] ფარგლებში დღეს, 4 აპრილს, მორიგი, რიგით 76-ე შეხვედრა გაიმართა.

მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ ორივე მხარე  განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მაგალითად, ქართული მხარის, კონკრეტულად, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე “განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ  გიუნაშვილის მიმართ გამოტანილი ე.წ. განაჩენი არის ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძვლებს მოკლებული, სრულად პოლიტიზებული და აუცილებელია მისი გათავისუფლება”.

გარდა ამისა, ქართული მხარის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ “პრობლემებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას კვლავაც ექმნება საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ხელოვნური ბარიერების გამო, და იმ გამოწვევებს, რომლებიც მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო სამუშაოების პერიოდში ადგილობრივი ფერმერების უსაფრთხოებას უკავშირდება”.

“მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლება და უკანონო დაკავებები განიხილეს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგაზაფხულო სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩატარების საკითხიც დააყენეს. აღინიშნა, რომ მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის”, – ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში.

რაც შეეხება ოსურ მხარეს, შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ოსური მხრიდან დავით სანაკოევმა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ერგნეთის შეხვედრებში ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მედიასთან ისაუბრა:

“შეხვედრაზე სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხში სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა განიხილებოდა. საქმე ის არის, რომ მიწები სოფელ მძარში, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მდებარეობს, საქართველოს მოქალაქეებმა უკანონოდ დაამუშავეს”.

სანაკოევი ამბობს, რომ ოსური მხარე ხშირად აყენებს საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს მოქალქეების უკანონო სამეურნეო საქმიანობას ოსურ ტერიტორიებზე, და ამის შესახებ მოსახლეობაც არაერთხელ გაუფრთხილებია.

“ამიტომ შემხვედრ ნაბიჯზე აღარ წავალთ და შემოდგომით მოსავლის აღების საშუალებას აღარ მივცემთ”.

გარდა ამისა, ოსური მხარის წარმომადგენელმა ბოლო დროს კონფლიქტის ხაზთან გაჩენილი ხანძრის რამდენიმე ფაქტში ქართული მხარე დაადანაშაულა.

“შეხვედრაზე მოვიყვანეთ გარკვეული ფაქტები, რაც იმას მოწმობს, რომ ცეცხლი საქართველოს მხრიდან იყო გაჩენილი და ჩვენ მხარეს მოდიოდა”.

ასევე, დავით სანაკოევის ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ  მათი მხრიდან “საქონელი ქართულ ტერიტორიაზე გადმოდის და იკარგება”.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა დაკავებას, რაც პერიოდულად ხდება ხოლმე, საკანოევის ცნობით, ერგნეთის ბოლო შეხვედრიდან დღემდე, ოსურმა მხარემ “ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავა.

ერგნეთში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის  11 მაისს გაიმრთება.

.ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნულ ფორმატში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილება. IPRM-ს შეხვედრებს თანათავმჯდომარეობენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაეროს/ეუთოს წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი