ახალი ამბები

“იარე ფეხით”: კანონში ცვლილებები ქვეითების ყველაზე დიდ პრობლემას გვერდს უვლის

4 აპრილი, 2017 • 7151
“იარე ფეხით”: კანონში ცვლილებები ქვეითების ყველაზე დიდ პრობლემას გვერდს უვლის
მოძრაობა “იარე ფეხით” აცხადებს, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვილებებიით გათვალისწინებულ ქულათა სისტემის მიღმა რჩება ქვეითებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და პრობლემური დარღვევა – ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 3 აპრილს გამართულ განხილვამდე არსებული რედაქციით ამ დარღვევაზე გათვალისწინებული იყო 5 საჯარიმო ქულა. თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით, “პარკირების წესის დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ მოაკლდება.”
“იარე ფეხით” მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, რომ ტროტუარებზე მოძრავი ავტომობილების მსხვერპლი ხდებიან ქვეითები. ტროტუარზე, ზებრა გადასასვლელზე და პანდუსზე პარკირებული მანქანები გზას უღობავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებს, რომლებსაც რიგ შემთხვევებში გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადაადგილება.
საფრთხეს ქმნიან ასევე ტროტუარზე პარკირებული დისტრიბუტორები, რომლებიც ხშირად სავაჭრო ობიქტებთან აჩერებენ სატვირთო მაქანებს და ტროტუარზე გასვლა-შემოსვლის დროს საფრთხეს უქმნიან ქვეითებს და რიგ-რიგობით იკავებენ ადამიანებისთვის განკუთვნილ სივრცეებს.
მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა "ფლეშმობი" გამართეს. 20.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა “ფლეშმობი” გამართეს. 20.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“კომიტეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს საფრთხეს, რომ საქმე გვაქვს ფასადურ ცვლილებებთან, რომლებიც კვლავ კერძო ინტერესის და არა მოქალაქეების სასარგებლოდ ცვლის მდგომარეობას. ერთი მხრივ, თბილისის მერია კრძალავს გარე ვაჭრობას ტროტუარებზე, ნიშნავს ქვეით ინსპექტორებს ქალაქში დაბინძურების საკითხის მოსაგვარებლად, მეორე მხრივ კი, თბილისის მერის განცხადებები ტროტუარებზე პარკირების გაუქმებასთან დაკავშირებით 2015 წლიდან მოყოლებული ცარიელ დაპირებებად რჩება. ქვეითებს კვლავ თავად უწევთ გამკლავება მანქანებთან, მშენებლებთან, ბარ-რესტორნებთან, რომლებიც თვითნებურად ითვისებენ და იკავებენ საჯარო სივრცეებს.”, – აცხადებს იარე ფეხით.
“იარე ფეხით” მოუწოდებს შსს-ს და პარლამენტს, შეწყვიტონ ადამიანების თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების უფლების შეზღუდვა ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ და დააბრუნონ კანონპროექტიდან ამოღებული პუნქტი ტროტუარზე პარკირების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი