CEU

უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, CEU დაიხუროს

უნგრეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა კანონი იმ უნივერსიტეტების ფუნქციონირების შესახებ, რომლებიც არ არის ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებული. 123 ხმით 38-ის წინააღმდეგ ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განათლების შესახებ კანონში განახლებულ რეგულაციებს. კანონის მიღების შედეგად, შესაძლოა დაიხუროს ბუდაპეშტში მოქმედი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU).

კანონს ძალაში შესასვლელად ხელი უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოს ადერმა უნდა მოაწეროს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, CEU-ს ბუდაპეშტში სახელისა და სასწავლო გეგმების შეცვლა, ასევე, ფილიალის ნიუ იორკში გახსნა მოუწევს. უნივერსიტეტი მარტივად ვეღარ დაასაქმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ კანონში შესწორების შესვლის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა ბუდაპეშტში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. დღეს ასევე დაგეგმილია სტუდენტების აქცია – მათ სურთ, მოუწოდონ პრეზიდენტს, კანონს ვეტო დაადოს.

2004 წელს უნგრეთის მთავრობა და ნიუ იორკის შტატი შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტი ერთობლივად მიიღებდა სრულ აკრედიტაციას როგორც უნგრული, ისე ამერიკული მხარისაგან. ეს საშუალებას აძლევდა უნივერსიტეტს, დაეკმაყოფილებინა ორივე ქვეყნის აკადემიური მოთხოვნები. CEU არის ერთ-ერთი მათგანი შტატებში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის, რომელსაც არ აქვს უნივერსიტეტი თავად შტატებში. ახალი კანონი კი უნივერსიტეტს ამ მოთხოვნასაც უყენებს.

უნივერსიტეტი 1991 წელს ჯორჯ სოროსმა დააფუძნა და დღემდე აფინანსებს. მას სურდა, რომ უნივერსიტეტი ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გამავრცელებელი ყოფილიყო. უნივერსიტეტის დახურვას უნგრეთის მთავრობის მხრიდან სოროსზე აშკარა თავდასხმად მოიაზრებენ.

უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავადაც ჯორჯ სოროსის სტიპენდიანტი იყო, თუმცა ამჟამად ფილანტროპისტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა სურს. ორბანის პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანასების წყაროების გაკონტროლების ინიციატივითაც გამოდის, მათ შორის, სოროსის “საერთაშორისო გამჭვირვალობის”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი