ახალი ამბები

ორი აქცია თბილისში და უნგრეთის პრემიერის პასუხი [ვიდეო]

21 აპრილი, 2017 •
ორი აქცია თბილისში და უნგრეთის პრემიერის პასუხი [ვიდეო]

21 აპრილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აქციით დახვდნენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მიმართ ორბანის პოლიტიკას. ქვეყანაში მიღებული ცვლილებების შედეგად, უნივერსიტეტი დახურვის საფრთხის წინაშე დგას.

საპროტესტო აქციიდან 15-მდე მეტრის მოშორებით გაიმართა კონტრაქცია, რომლის მონაწილეებმაც  CEU-ს მხარდამჭერებს ჯორჯ სოროსის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებლები უწოდეს. ისინი მხარს უჭერენ ორბანის არალიბერალურ, ანტიიმიგრანტულ პოლიტიკას.

“აქ მოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უნგრეთის მთავრობის ინიციატივას სოროსის ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით,”- აცხადებს კონტრაქციის მონაწილე, პარტია “ქართული იდეის” წარმომადგენელი თორნიკე კივილაძე.

კონტრაქციის მონაწილეების პლაკატი/ ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი. 21.04.2017

CEU-ს მხარდამჭერები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამბობენ, რომ უნივერსიტეტის არსებობა რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი. CEU-ში არაერთ ქართველ სტუდენტს აქვს განათლება მიღებული.

“ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ქვეყნიდან გაგდება არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ბაია პატარაია, რომელიც CEU-ს კურსდამთავრებულია.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრები, ასევე, CEU-ს კურსდამთავრებულები და მხარდამჭერები.

“ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის ისეთი ხარისხის განათლება, როგორსაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი მაძლევდა. რომ არა ეს უნივერსიტეტი, ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებული იქნებოდა, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ჩვენგანის, რომლებიც აქ ვდგავართ და რომლებიც აქ არ არიან,”- ამბობს CEU-ს კურსდამთავრებული ეკა იმერლიშვილი.

აუდიტორია 115-ის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე გვეუბნება, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველომ უნდა იცოდეს, რომელ ევროპულ სახელმწიფოს არ უნდა დაემსგავსოს.

“უნგრეთი პოსტკომუნისტური განვითარების ყველაზე უარეს გზას გვთავაზობს,”- ამბობს ლორთქიფანიძე.

აქციის მონაწილეს, ეკა ჭითანავას უჭირავს პლაკატი, სადაც წერია, რომ CEU-ს კურსდამთავრებულები უნივერსიტეტის გვერდით დგანან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 21.04.2017

აქციის მონაწილეს, ეკა ჭითანავას უჭირავს პლაკატი, სადაც წერია, რომ CEU-ს კურსდამთავრებულები უნივერსიტეტის გვერდით დგანან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 21.04.2017

“უამრავი დეზინფორმაცია მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს არავითარი საფრთხე და დახურვა არ ემუქრება,”- ასე გამოეხმაურა CEU-ს საკითხს ვოქტორ ორბანმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი