ახალი ამბები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში შესაძლოა დაიხუროს

29 მარტი, 2017 • 2976
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში შესაძლოა დაიხუროს

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესვლის შემთხვევაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) ბუდაპეშტში სახელისა და სასწავლო გეგმების შეცვლა, ასევე, ფილიალის ნიუ იორკში გახსნა მოუწევს. უნივერსიტეტი მარტივად ვეღარ დაასაქმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უნივერსიტეტი სპეციალური განცხადებით უნგრეთის მთავრობას მიმართავს და მოლაპარაკებებში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

“კანონში შესწორების შესვლის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბუდაპეშტში, სადაც ის უკვე 25 წელია არსებობს. CEU სრულად აკმაყოფილებს უნგრეთის კანონებს. კანონპროექტი კი მიმართულია კონკრეტულად CEU-ის საწინააღმდეგოდ და აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციული და მიუღებელია,” – უნივერსიტეტი მოუწოდებს მთავრობას, ჩაერთონ დიალოგში, რათა მათ შეძლონ ბუდაპეშტში საქმიანობის გაგრძელება.

2004 წელს უნგრეთის მთავრობა და ნიუ იორკის შტატი შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტი ერთობლივად მიიღებდა სრულ აკრედიტაციას როგორც უნგრული, ისე ამერიკული მხარისაგან. ეს საშუალებას აძლევდა უნივერსიტეტს, დაეკმაყოფილებინა ორივე ქვეყნის აკადემიური მოთხოვნები. CEU არის ერთ-ერთი მათგანი შტატებში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის, რომელსაც არ აქვს უნივერსიტეტი თავად შტატებში. ახალი კანონპროექტი კი უნივერსიტეტს ამ მოთხოვნასაც უყენებს.

უნივერსიტეტი 1991 წელს ჯორჯ სოროსმა დააფუძნა და დღემდე აფინანსებს. მას სურდა, რომ უნივერსიტეტი ლიბერალური იდეებისა და ღირებულებების გამავრცელებელი ყოფილიყო.

უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავადაც ჯორჯ სოროსის სტიპენდიანტი იყო, თუმცა ამჟამად ფილანტროპისტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას უნგრეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა სურს. ორბანის პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანასების წყაროების გაკონტროლების ინიციატივითაც გამოდის, მათ შორის, სოროსის “საერთაშორისო გამჭვირვალობის”.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის 1800 სტუდენტს შორის არიან ქართველი სტუდენტებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი