ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრემიერი: მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, წინ აღუდგეს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს

8 თებერვალი, 2017 • 8475
პრემიერი: მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, წინ აღუდგეს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, “ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას”.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს:

“ამის დასტურია გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები. საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ”. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელის – ალანიას” დაბრუნებაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. აღიშნული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და პლებისციტს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი