ახალი ამბები

გვარამია: 27 მარტს შპს “რუსთავი 2-ის გუნდს” დავაფუძნებთ

25 მარტი, 2017 • 2028
გვარამია: 27 მარტს შპს “რუსთავი 2-ის გუნდს” დავაფუძნებთ

ტელეკომპანია რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ორშაბათს, 27 მარტს, დაარსდება შპს “რუსთავი 2-ის გუნდი”, რომლის ხელშიც გადავა რუსთავი 2-ის 51%-ის მფლობელი ტვ საქართველოს საკონტროლო პაკეტი, ანუ 51%.

ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-ს რუსთავი 2-ის თანამშრომლებს გადასცემდნენ.

ნიკა გვარამიამ 25 მარტს ასევე განაცხადა, თუ ვინ შევა შპს “რუსთავი 2-ის გუნდში”, ამის შესახებ დღესვე, 19:00 საათზე, საერთო კრებაზე მოითათბირებდნენ.

“ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, “რუსთავი 2-ის გუნდი” იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51%-ის მფლობელი… თუ ვინ იქნება ეს შპს რუსთავი 2-ის გუნდი, რამდენი ადამიანი დააფუძნებს, 20, 30 თუ 50, ეს უნდა გადაწყვიტოს კოლექტივმა. ამას ჩვენ გადავწყვეტთ დღეს, რუსთავი 2-ის გუნდის სრულ შეკრებაზე, 19:00 საათზე. და რამდენი იქნება ეს ადამიანი, ვინ იქნებიან ეს ადამიანები, როგორი წესით შეირჩევიან, იქნებიან თუ არა მხოლოდ რუსთავი 2-ის თანამშრომლები, თუ იქნებიან ასევე ის კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვემსახურებიან, მაგალითად, ნანუკას შოუ და ფორმულა კრეატივი. ამ ყველაფერს ჩვენ გადავწყვეტთ ერთიან შეკრებაზე, დღეს, 19:00 საათზე,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ყარამანიშვილებმა “უპრეცედენტო” გადაწყვეტილება მიიღეს.

“ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზება არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, რევოლუციური. ეს არის, პრაქტიკულად, არხის თანამშრომლებისთვის საკონტროლო პაკეტის გადაცემა, რაც უნდა გვესმოდეს, რომ 51% რუსთავი2-ში არის შპს საქართველოს ხელში და შპს საქართველოს 51% საკონტროლო პაკეტი იქნება უკვე რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტივის ხელში გადაცემა იმ უფლების, რომ ის იყოს ძირითადი აქტორი არხის ბედის წარმართვაში.  ვფიქრობ, ლევანმა და გიამ მიიღეს ნამდვილად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. თან, ეს უსასყიდლოდ ხდება,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს, 25 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი