ახალი ამბები

ძმები ყარამანიშვილები: მზად ვართ, “რუსთავი 2”- ის საკონტროლო პაკეტი თანამშრომლებს გადავცეთ

24 მარტი, 2017 • 2081
ძმები ყარამანიშვილები: მზად ვართ, “რუსთავი 2”- ის საკონტროლო პაკეტი თანამშრომლებს გადავცეთ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 80% წილის მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები თანახმა არიან, რომ კოლექტივს ტელეკომპანია „საქართველოში“ 51%-იანი წილი გადასცენ, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნიკა გვარამიას ბრიფინგს, რომელიც გაიმართა ჩვენი გუშინდელი შეთავაზების საპასუხოდ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივა იყო რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივისთვის ტელეკომპანიაში ჩვენი წილების უსასყიდლოდ გადაცემა. გაკვირვებული ვართ, რომ ამ შეთავაზების პასუხად მივიღეთ ერთგვარი ულტიმატუმი, რომ გადაგვეცა არა შეთავაზებული 40%, არამედ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, ისიც, როგორც ჩანს, მხოლოდ კოლექტივის ერთი ნაწილისთვის. ჩვენი გუშინდელი ინიციატივა არის არა ფიქცია, როგორც ეს ბრიფინგზე ითქვა, არამედ რეალური გზა იმისკენ, რომ ყველა თანამშრომელმა დამსახურებულად მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი, როგორც კი ტელეკომპანია გავა მოგებაზე, რისი ყველა წინაპირობა არსებობს ივანიშვილის მხრიდან ტელეკომპანიის დევნის შეწყვეტის შემდეგ.

გაუგებარია, თუ რას გულისხმობდა გენერალური დირექტორი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი შეთავაზება „პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას“. რის შეცვლაზეა საუბარი? ჩვენ არასდროს ჩავრეულვართ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ყოველთვის თავად მენეჯმენტი და ჟურნალისტები განსაზღვრავდნენ. ეს ასე იქნება მომავალშიც.

არ გვინდა, საზოგადოება და ჩვენი კოლექტივი დავღალოთ იურიდიული ნიუანსებით. თუ საუბარია ჩვენი ინიციატივის სანდოობაზე, უსაფუძვლო ეჭვების გასაქარწყლებად, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც თავის მხრივ არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა. გთავაზობთ, ამით დასრულდეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და გადავიდეთ კონსულტაციების საქმიან რეჟიმში, როგორც ჩვენს თავდაპირველ განცხადებაში იყო შემოთავაზებული, რათა წილები გუნდის წარმომადგენლებს გადაუნაწილდეთ ღიად და სამართლიანად.“- ყარამანიშვილების განცხადებას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ლევან და გია ყარამანიშვილებმა გუშინ, 23 მარტს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ რუსთავი 2-ის მათი კუთვნილი 80%-დან მზად არიან წილების 40% ტელეკომპანიის თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადასცენ. განცხადების მიხედვით,   იმის გამო, რომ ტელევიზია  ამჟამად დაყადაღებულია და მის გასხვისებას, წილების გადაცემას რეალურად ვერ შეძლებენ,  ყარამანიშვილები მზად არიან,  ხელშეკრულებები ახლავე გააფორმონ იმ პირობით, რომ ყადაღის მოხსნისთანავე წილის გადაცემა ძალაში შევიდეს.

ყარამანიშვილების ინიციატივას გუშინვე გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამშრომლებთან  ერთად და განაცხადა, რომ ყარამანიშვილების წინადადებას უარით პასუხობენ და საპასუხო ინიციატივით გამოვიდნენ:

“საკუთრებაში გადმოგვეცეს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც ფაქტობრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა ტელეკომპანიაში საქმის ვითარების როგორც რეალურად, ისე ფიქტიურად შესაცვლელად”

მასალების გადაბეჭდვის წესი