ახალი ამბები

“შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე” – თბილისში აქცია დაიგეგმა

23 მარტი, 2017 • 3094
“შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე” – თბილისში აქცია დაიგეგმა

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით დაიგეგმა აქცია, რომელიც ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა.

აქციის ორგანიზატორია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.

როგორც აქციის ორგანოზატორები აცხადებენ, საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად სახელმწიფოს დროული რეაგირება არის საჭირო.

“აქციაზე პარლამენტის წინ განთავსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები და მიცვალებულის “სასახლე” იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9 000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას.

ამ აქციით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით მძღოლების დაახლოებით 25%-ი (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად,”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი