ახალი ამბები

დღეს პარლამენტი “ფარულ მოსმენებზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

22 მარტი, 2017 • 2083
დღეს პარლამენტი “ფარულ მოსმენებზე” პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

დღეს, 22 მარტს პარლამენტი “ფარული საგამოძიებო მოქმედებების” შესახებ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით,  თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, კანონს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ:

“ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ შეეგუება ამ კანონს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს დამანგრეველია მთლიანად ქართული პოლიტიკისთვის და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ყველა შეთანხმებულია, თუ როგორი უნდა იყოს ეს კანონი და როგორი არ უნდა იყოს.  ჩვენ ამ კანონს საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართოში გავასაჩივრებთ.”

პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციაც. თინა ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წინ გადადგმული ნაბიჯია:

“უმრავლესობას არ აინტერესებდა მოტივირებული შენიშვნების შინაარსი, ისინი წინასწარ, განხილვის გარეშე აცხადებდნენ, რომ ვეტოს დაძლევდნენ. უმრავლესობა ასრულებს კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას, რომ ადამიანების მოსმენაზე უფლება დარჩეს უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს, ვახტანგ გომელაურს.”

მისივე თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს ანსტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პრეზიდენტი, უმრავლესობას კი არავის აზრი არ აინტერესებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო არა კანონს, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოებას დაადო:

“ვეტო დაადო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ჩვენს შესაძლებლობას, რომ გავუმკლავდეთ ტერირიზმის რისკებს, რომ საზღვრები ვმართოთ ეფექტურად და ქვეყანაში მშვიდი განვითარების შესაძლებლობა იყოს. ამიტომ ჩვენ ამ ვეტოს აუცილებლად დავძლევთ. ეს კანონი არის ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას შორის.”

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

მოტივირებული შენიშვნების მიხედვით,  ფარული მოსმენის განმხორციელებელი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში შემავალი სტრუქტრურაა, ინტეგრირებულია მასში და შეუძლებელია, ისაუბრო მის დამოუკიდებლობაზე. შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, განისაზღვროს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20  მარტს ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი