Screen Shot 2017-03-18 at 10.48.07 AM

25 დღიანი შიმშილობის შემდეგ სომხეთში აქტივისტი გარდაიცვალა – ერევანში აქციები დაიწყო

2017 წლის 16 მარტს, 25 დღიანი შიმშილობის შემდეგ, აქტივისტი, არტურ სარგსიანი ერევნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით სტაციონარში ის 15 მარტს მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

არტურ სარგსიანი 2016 წლის ივლისში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მოვლენების გამო დააპატიმრეს, როდესაც მან საკუთარი ავტომობილით პოლიციის კორდონი გაარღვია და პოლიციის შენობაში გამაგრებულ ამბოხებულებს, მოძრაობა “სასნა ცრერის” წევრებს საკვები გადასცა. თუმცა, სარგსიანი მხოლოდ 2017 წლის 9 თებერვალს დააპატიმრეს, რაც პოლიციამ იმით ახსნა, რომ “თავის დროზე ის გამომძიებელთან არ მივიდა”. დაპატიმრების შემდეგ არტურ სარგსიანმა შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ფონზე, აქტივისტი 6 მარტს გაათავისუფლეს. მას იმავე დღეს ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე დღეში გაწერეს, თუმცა, 15 მარტს მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა.

არტურ სარგსიანი მიიჩნევდა, რომ უკანონოდ იყო დაკავებული და პროტესტის ამგვარი ფორმით გათავისუფლებას ითხოვდა.

“პურის მიმწოდებელი მოკლეს” “სერჟ წადი” , არტურ! – ასეთი შეძახილებით მიმდინარეობდა ერევანში აქტივისტების 17 მარტის მარში, რომელიც მოქალაქეებმა გარდაცვლილი აქტივისტის ხსოვნას მიუძღვნეს. ერევანში მიმდინარე აქციების შესახებ გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს.

მარშის 2000-მდე მონაწილე სომხეთის მთავრობის შენობასთან მივიდა და ქვეყნის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის გადადგომა მოითხოვა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ უნდა გადადგნენ ქვეყნის იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები. მონაწილეების ნაწილმა მთელი ღამის განმავლობაში მჯდომარე აქცია გაააგრძელა. წინასწარი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება.

 

17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ დაკავებული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. 17 ივლისის შემდეგ პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც დაიწყო. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. მაშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი