ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიციის შენობასთან სროლის შედეგად ერევანში 3 ადამიანი დაიჭრა [live]

29 ივლისი, 2016 • 1915
პოლიციის შენობასთან სროლის შედეგად ერევანში 3 ადამიანი დაიჭრა [live]

ერევანში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წლის 17 ივლისს მეამბოხეებმა დაიკავეს, სროლაა. ცეცხლს ერთმანეთს პოლიციელები და ამბოხებულები უხსნიან.

ინფორმაციას ერევნის პოლიციის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, აშოტ აგარონიანი ავრცელებს.

“სამართლდამცავთა მოთხოვნის მიუხედავად, ამბოხებულები ცეცხლს ხსნიან. სამართალმდაცავები საპასუხოდ ისვრიან”.

სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

2016 წლის 17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. 17 ივლისის შემდეგ პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც დაიწყო. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. მაშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი. ამჟამად პოლიციის დაკავებულ შენობაში 22 ამბოხებული და 3 მძევალი [სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები] რჩებიან.

პოლიციის შენობასთან ამჟამად აქციის გასამართადად “დამფუძნებელი პარლამენტის” მხარდამჭერები იკრიბებიან.

13867046_608693152624920_2143442204_n

ფოტო: არმინე ავეტისიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი