ახალი ამბები

სერგეენკო: “ურანტის” ინტერესები სახელმწიფო პროგრამის ინტერესთან ახლოს ვერ მივა

16 მარტი, 2017 • 2536
სერგეენკო: “ურანტის” ინტერესები სახელმწიფო პროგრამის ინტერესთან ახლოს ვერ მივა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ქვეკონქტრაქტორ სამედიცინო ცენტრ “ურანტს” საკუთარი კერძო იტერესები აქვს, რომელზე მაღლაც სახელმწიფო პროგრამის ინტერესები დგას.

“ამ კერძო კომპანიას თავისი ინტერესები აქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მასშტაბის სახელმწიფო პროგრამის ინტერესებთან ვერ მივა ახლოს, იმიტომ, რომ ამ გზით, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, პაციენტებს გავუქრობთ თანაგადახდის კომპონენტს. რომ გაგვეგრძლეებინა ძველი გზით, მათ ისევ უნდა გაეგრძელებინათ თვეში 100 ლარის გადახდა,”- განაცხდა მან.

სამედიცინო ცენტრი “ურანტი”, რომელიც მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის განმახორციელებელი “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ქვეკონტრაქტორია, აპროტესტებს, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნაწილში ცენტრმა მათთან ხელშეკრულება შეწყვიტა. 15 მარტს “ურანტის” დირექტორმა ზურაბ სიხარულიძემ უვადო შიმშილობა დაიწყო. ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, კონტრაქტის შეწყვეტის შედეგად, 1350 პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში “ურანტში” მომსახურებას ვეღარ მიიღებს, ხოლო მის ცენტრში დასაქმებული 70–მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება.

დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბრისას “ურანტთან” კონტრაქტის გაუახლებლობას მათ შორის ფინანსური მიზეზებით ხსნის:

“ბოლო ორი წლის განმავლობაში შევხედეთ, რომ ერთი დაწესებულება, რომელიც იმარჯვებდა ტენდერში, მაგრამ არ ჰქონდა ისეთი სიმძლავრეები, რომ მოეცვა მთლიანად საქართველო, ამიტომ, თვითონ გამარჯვებულს აჰყავდა ქვეკონტრაქტორი.ორი წლის განმავობაშ ძირითადმა კონტრაქტორმა გასნა 7 ახალი ფილიალი – ეს ერთი. მეორე, ფინანსური ანალიზით ჩვენ ცალსახად ვედავთ, რომ ერთი და იგივე საქმე ამ დაწესებულებაში ბევრად უფრო ნაკლები გვიჯდება, ბევრად უფრო ნაკლები არაპირდაპირი ხარჯებია. მესამე – ძირითადი კონტრაქტორის ფინანსების მართვა აღმოჩნდა იმდენად ეფექტური, რომ მათ შემოგვთავაზეს, რომ თუკი აქამდე საქართველოს მასშტბით მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები იხდიან თანაგადახდას, საშუალოდ, თვეში 100 ლარის ფარგლებში, ამ გზით თუ წავედით და ეს კონტრაქტორი გვეყოლა, რომელმაც მოიცვა უკვე ყველა არეალი, თანაგადახდის კომპონენტს საერთოდ გავუქრობთ და ეს ადამიანები ფულს აღარ გადაიხდიან, იგივე სერვისებში თვეში 100 ლარს დაზოგავენ, სახელმწიფო უზუნველყოფს ამას,”- განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი