ახალი ამბები

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვისა და ქორწინების საკითხს საკონსტიტუციო კომისია განიხილავს

15 მარტი, 2017 • 2730
უცხოელებისთვის მიწის მიყიდვისა და ქორწინების საკითხს საკონსტიტუციო კომისია განიხილავს

დღეს, 15 მარტს საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა საკითხები, რომელიც ეხება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის, კონსტიტუციაში ქორწინების, სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა და სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ასახვის საკითხებს ეხება.

კომისია ამჟამად კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებს განიხილავს. კომისიის სხდომა დახურულია, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ კომისიის წევრების ნაწილს გავესაუბრეთ და მოსაზრებები მოვისმინეთ სხდომის დაწყების წინ.

[red_box]ქორწინების საკითხი[/red_box]

საკონსტიტუციო კომისიის დღის წესრიგში დგას ასევე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მთავარი დაპირება, რომ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი გაკეთდეს, სადაც ასახული იქნება, რომ იგი ქალისა და კაცის ურთიერთობაა.

გიორგი ბერაია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის გარკვეულ სენტიმენტებზე თამაშობს, რადგან ეს საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, უკვე დარეგულირებულია.

“ამის კონსტიტუციაში ჩაწერა, ესაა პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლების მხრიდან, რასაც ჩვენ ცხადია არ ვუჭერთ მხარს”, – ამბობს ბერაია.

ბერაიას თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციისკენ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აღიქმებიან როგორც საფრთხე ტრადიციული ღირებულებების.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ ხელისუფლება მსგავსი სპეკულაციებით ცდილობს გარკვეული ამომრჩევლის მიმხრობას, რადგან ქართული ოცნება არის პარტია, რომელსაც არ ჰყავს ბევრი ამომრჩეველი. ტუღუშიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს ხელისუფლების პოპულისტური ნაბიჯია.

“კარგი იქნება ქართულმა ოცნებამ რეალურ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც ასევე უკავშირდება კონსტიტუციას. ბევრი ინიციატივა, რომელიც წამოვიდა მმართველი პარტიის მხრიდან და მხარს უჭერენ, ჩვენთვის არის მიუღებელი. გვჭირდება, ნამდვილი ინიციატივები, მათ შორის საარჩევნო სისტემის შეცვლა. ეს უნდა იყოს ძირითადი მიზანი ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის,” – ამბობს გიორგი ტუღუში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი კი მიიჩნევს, რომ ის, რომ კომისია ამ საკითხს განიხილავს ადასტურებს, რომ ეს არაა წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილი და იგი აქტუალური პრობლემაა მოსახლეობისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უკვე ჩავლილია, ეს საკითხი მაინც აქტუალურია, აქტუალურია არა, საარჩევნო პროპაგანდის თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებრივი მოთხოვნის თვალსაზრისით”, – ამბობს ნარჩემაშვილი.

[gray_box]მიწის საკითხი[/gray_box]

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კომისია განიხილავს არის კონსტიტუციაში იმის ასახვა, რომ შეიძლება თუ არა დაშვებული იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან მიწა არის ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრე.  იგი ამ სამართლებრივ საკითხს, ისტორიასთან აკავშირებს და ამბობს, რომ წარსულში იმისთვის იბრძოდნენ, რომ მიწები შეენარჩუნებინათ.

“ცალსახად უნდა დაიწეროს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უნდა აიკრძალოს უცხოელებზე”, – ამბობს გიორგი გუგავა.

არასრულ, თუმცა ნაწილობრივ შეზღუდვაზე საუბრობს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მიწა,შეზღუდული რესურსია და იგი ახლანდელი და მომავალი თაობების საკუთრებაა.

ნარჩემაშვილი ამბობს, რომ საკითხის გადაწყვეტისას გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში, ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებში, მიწის გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე და არარეზიდენტ პირებზე, აკრძალულია.

“ჩვენ ამ პრაქტიკის გამოყენება გვინდა საქართველოს კონსტიტუციაში, ასე გვინდა დავარეგულიროთ ეს საკითხი. ამაში უსწოროს, უმრავლესობას, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის ის წევრებიც, რომლებიც არ არიან უმრავლესობის წევრები ვერაფერს ხედავენ”, – ამბობს ნარჩემაშვილი.

ნარჩემაშვილის თქმით, მიწა განსაკუთრებულ შემთხვევებში გასხვისდება, განსაკუთრებული შემთხვევაში კანონმდებლობით და არა კონსტიტუციით დარეგულირდება. განსაკუთრებულ შემთხვევად განიხილავენ დიდი ოდენობით ინვესტიციას, დიდი რაოდენობის ადამიანების დასაქმებას და სხვა საკითხებს.

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილი არ არის ეს შეზღუდვები კონსტიტუციაში გაიწერება, თუ კონკრეტულ კანონში.

“ეს კონსტიტუციაში ჩაიწერება თუ არა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩამოთვლილი სასოფლო მიწის გაყიდვის შეზღუდვის საფუძვლები. ვფიქრობ, ეს კონკრეტულ კანონში უნდა აისახოს. ჩემი აზრით, გარკვეული შეზღუდვები საჭირო არის, მაგრამ კონსტიტუციური ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წევრი გიორგი ბერაია ამბობს, რომ მმართველი გუნდს, სურს, რომ საკონსტიტუციო კომისიის დონეზე გადალახონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის შესყიდვის უფლება არაკონსტიტუციურად სცნო.

“რაც ჩვენი აზრით მიუღებელია. მით უმეტეს, ამ ინიციატივის ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში უფრო მეტი დასაბუთება და არგუმენტაცია მოეთხოვება ხელისუფლებას, თუ რატომ აპირებს იგი კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას”, – ამბობს ბერაია.

ბერაია ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაციები, თუმცა რეგულაციის მიზანი არ უნდა იყოს უცხოელებისთვის მიწის ყიდვის უფლების აკრძალვა.

უცხოელებისთვის მიწის ყიდვის აკრძალვას არ ეთანხმება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. იგი ამბობს, რომ აუცილებელია გარკვეული რეგულაციები, თუმცა ბლანკეტური შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს.

“გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია, იყოს გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც სასაზღვრო ზოლში, თუნდაც გარკვეული საკითხების გათვალისწინება, მაგრამ ეს არის საგანი, რომელიც დისკუსიისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ეწინააღმდეგება იმას, რომ უცხოელებს აუკრძალონ მიწის შესყიდვა.

“მე ამ ფორმით ამ ცვლილებას ვეწინააღმდეგები, შესაძლებელია მიწის გასხვისებაზე გარკვეული რეგულირებები დაწესდეს, მაგრამ ეს რეგულირებები არ იყოს მოქალაქეობის მიხედვით. შესაძლებელია მიწის მართვის სისტემა შეიქმნას, რომელიც თანაბრად გავრცელდება საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით საკმარისია მიწასთან დაკავშირებული რეგულაციები.

“გარკვეული რეგულაციები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მე მიმაჩნია, რომ დღეის მაჩვენებლით არის საკმარისი. ხელისუფლება გარდა იმისა, რომ უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში ნორმალური საინვესტიციო კლიმატის შექმნაზე და ინვესტორების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, ის რეგულაციები რაც არის შემოღებული არის ადეკვატური და კონსტიტუციაში მსგავსი რამის განსაზღვრა მე არ მგონია, რომ სიკეთის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,” – ამბობს გიორგი ტუღუში.

[blue_box]სასამართლო[/blue_box]

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციით უნდა გაიზარდოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები და იგი მეოთხე ინსტანციის სასამართლოდ უნდა ჩამოყალიბდეს.

“საუბარია იმაზე, რომ შეეძლოს გადახედოს და რეალური კონსტიტუციური კონტროლი დაამყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. საერთო სასამართლოების  გადაწყვეტილებები რამდენად არის კონსტიტუციასთან შესაბამისი”, – ამბობს ნანუაშვილი.

გიორგი ტუღუში კი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ შენარჩუნდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი,

“თუ კი მყარი გარანტიები ჩაიდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატი გაუფართოვდეს,  იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის მეტი გარანტიები”, – ამბობს ტუღუში.

გიორგი ბერაია კი ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს მოსამართლეებისთვის დადგენილი გამოსაცდელი სამწლიანი ვადა, ასევე მოითხოვს, რომ გაძლიერდეს მოსამართლეთა დაცვის გარანტიები.

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი და ვახუშტი მენაბდე საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა კონსტიტუციაში აისახოს კონკრეტული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეთავაზებული აქვთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის არჩევა პარლამენტში უნდა იყოს კონსენსუსის საგანი და მასში არამხოლოდ უმრავლესობა, არამედ უმცირესობაც უნდა მონაწილეობდეს.

“ასევე ვფიქრობთ, რომ ომბუდსმენს უნდა დაემატოს კონსტიტუციური გარანტიები, რომ მას ჰქონდეს უფრო ეფექტური უფლებამოსილებები და მას ჰქონდეს საბიუჯეტო დაცვა”, – ამბობს მენაბდე.

კონსტიტუციონალისტის თქმით, ასევე, რეკომენდაციებია გამოთქმული სახალხო დამცველის ზოგიერთი ინსტრუმენტი გახდეს ეფექტური, მაგალითად ანტიდისკრიმინაციული ზედამხედველობა. მენაბდის აზრით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ომბუდსმენის კომპეტენციები მისი ძალაუფლება, უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანების უფლებების ეფექტურ დაცვას და არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდდამხოლოდ ადამიანის უფლების მდგომარეობის მიმოხილვაზე.

თავად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატის ბიუჯეტი არ უნდა მისი თანხმობის გარეშე არ უნდა შემცირდეს.

“საბიუჯეტო გარანტიები უნდა იყოს, რომ არ მოხდეს სახალხო დამცველის ბიუჯეტის შემცირება, სახალხო დამცველის აპარატის თანხმობის გარეშე. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ მთელ რიგ სხვა გარანტიებზე, მათ შორის ეს ეხება სახალო დამცველის ხელშეუხებლობას და გარკვეულ იმუნიტეტებს, რომ ეს იყო ასევე ასახული კონსტიტუციაში ასახული”, ამბობს უჩა ნანუაშვილი.

[yellow_box]ადამიანის უფლებები/სოციალური უფლებები[/yellow_box]

უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა კონსტიტუციაში შევიდეს ჩანაწერები, რომლებიც ადამიანების სოციალურ უფლებებს შეეხება, მაგალითად, ღირსეული საცხოვრებლის შესახებ, შრომითი უფლებების შესახებ, თუმცა კონკრეტულად ჯერ ვერ საუბრობს.

“ჩვენ გვინდა, ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეებისთვის ღირსეულ საცხოვრებელს. რასაკვირველია, შესაძლებელია ეს ნორმა მოქმედი სამართლის პრინციპებით არ იყოს დღეს დაცული, მაგრამ მომავალში ასეთი ნორმის არსებობა მიანიშნებს სოციალურად პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს არსებობაზე”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

გიორგი ტუღუში ამბობს, რომ სოციალური უფლებები მათი პარტიისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია, თუმცა მათ სურთ დაცული მოქალაქეები და არა ჩანაწერი კონსტიტუციაში. ტუღუში ამბობს, რომ კონსტიტუციაში ყველაფრის ჩაწერას მხარს არ უჭერს.

“ყველაფრის კონსტიტუციაში დაფიქსირება არამარტო რთულია, არამედ არის მიუღებელი, თუმცა კანონმდებლობის დახვეწა რიგი მიმართულებებით, რომ მაღალი სტანდარტები არსებობდეს მნიშვნელოვანია. როგორც კი ეკონომიკა დაიწყებს აღმავალი გზით სიარულს, მერე ალბათ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება რომ სოციალური უფლებები უკეთ იქნას დაცული, ის რომ დღეს ეს არ ხდება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, – ამბობს გიორგი ტუღუში.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მათ ინიცირებული აქვთ, რომ კონსტიტუციაში იყოს ასახული საცხოვრებლის უფლებასთან, შრომითი უფლებების გარანტიებთან დაკავშირებული ჩანაწერები.

“ინიცირებულია სოციალური დაცვის სისტემასთან მიმართებაში სახელმწიფოს ვალდებულებები, ეს საკითხები იქნება ერთერთი წამყვანი თემა დისკუსიის… შრომის ზედამხედველობა და ინსპექტირება ეფექტური მექანიზმით [უნდა] განხორციელდეს ქვეყანაში”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციაში უნდა აისახოს სოციალური უფლებები, მათ შორის შრომის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი. სახალხო დამცველი ასევე საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ეხება გენდერულ თანასწორობას, მათ შორის კვოტირების საკითხს, რათა ქალთა წარმომადგენლობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი პოლიტიკურ ცხოვრებაში.


საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი