ახალი ამბები

რას (არ) გაითვალისწინებს “ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის წინადადებებიდან?

1 ივლისი, 2019 •
რას (არ) გაითვალისწინებს “ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის წინადადებებიდან?

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ორი კომისიის ფარგლებში გაიმართება. პირველი განიხილავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფის მიერ 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერით ინიცირებულ პროექტს, რომელიც 3%-იანი ბარიერისა და ბლოკების დაშვებას ითვალისწინებს. მეორე კომისია კი განიხილავს უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, რაც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას 0%-იანი ბარიერის პირობებში და ბლოკების გარეშე.

რამდენად და რა საკითხებში არის შესაძლებელი ამ ორი პოზიციის დაახლოება? როგორც “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პრეზენტაციაზე გამოჩნდა, მმართველი გუნდი მზადაა, კონსულტაციები გამართოს მანდატების გადანაწილების საკითხზე, თუმცა, არა ბლოკების დაშვებაზე.

“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული პროექტით,

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას”.

გაუნაწილებელი მანდატები

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შემოთავეზებულ საარჩევნო სისტემაში დაახლოებით 3-4 გაუნაწილებელი მანდატი დარჩება. მათი რაოდენობა მეტი იქნება პარლამენტის კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით. ამასთან, უსუფაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, ეს მანდატები გადაანაწილოს არა უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე, არამედ იმათზე, რომელთაც კიდევ ერთი მანდატის მისაღებად ყველაზე ნაკლები ხმა დააკლდებათ.

“ვეთანხმებით, რომ არ დარჩება ბევრი გაუნაწილებელი მანდატი, მაგრამ არა მგონია, რომ იყოს 3-4, ალბათ, იქნება უფრო 10. ვინაიდან ბუნებრივ ბარიერზე გააკეთა “ოცნებამ” არჩევანი, იქნებ თანმიმდევრული ვიყოთ და ის გაუნაწილებელი თითო მანდატი ერგოს არა ყველაზე უფრო ძლიერ პარტიებს, არამედ იმათ, ვისაც ყველაზე მეტი ნაშთი დარჩა მანდატების განაწილების შემდგომ. განვმარტავ: შეიძლება, პარტიამ მიიღოს 2 მანდატი და მესამე მანდატის მისაღებად დააკლდეს 100 ხმა და სხვა პარტიამ მიიღოს 50 მანდატი და 51-ეს მისაღებად დააკლდეს 13 000 ხმა. შემოთავაზებული სისტემით, მანდატი მიაქვს იმას, ვისაც 13 000 დააკლდა, რადგან დიდი პარტიაა. სამართლიანობის და პროპორციულობის პრინციპი იქნება, ვისაც მეტი ხმები აღმოაჩნდა, იმათ გადავცეთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” მზადყოფნა გამოთქვა, ამ წინადადებაზე იმსჯელოს.

“რაც შეხება დეტალებს, რომლებიც უკავშირდება საკონსტიტუციო ინიციატივას, მათ შორის, საარჩევნო მანდატების გადანაწილებას, ამაზე გვექნება მსჯელობა და მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც უკეთ მოაწესრიგებს ამ საკითხს”, – აღნიშნა ირაკლი კობახეძემ.

საარჩევნო ბლოკები და ბარიერი

მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციური კანონპროექტი არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას, რასაც ოპოზიცია ითხოვს და რაც ერთჯერადად გათვალისიწნებული იყო თავად “ქართული ოცნების” მიერ 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმით.

“შემდეგი არჩევნებიც ჩატარდება ბლოკების გარეშე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. მთელი 30 წლის განმავლობაში ბლოკის საკითხი იყო ის, რაც ხელს უშლიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში, როგორც სუბიექტებმა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნება” ასევე არ იზიარებს რიგი ოპოზიციური პარტიების შეთავაზებას, რომ ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერი ძალაში დარჩეს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც. საქართველოს კონსტიტუცის ძირითად ნაწილში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, განსაზღვრულია პროპორციული საარჩვენო სისტემა და 5%-იანი ბარიერი.

“ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში არის 3%-ზე ნაკლები ბარიერი. 3-დან 5% ბარიერი არის მიღებული სტანდარტი დემოკრატიულ ქვეყნებში, რადგან პლურალიზმთან ერთად, მნიშვნელოვანია სტაბილურობის მინიმალური ხარისხის არსებობაც. ერთჯერად რეგულაციას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი – დღეს გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევა, რომ მაქსიმალურად უნდა გაიხსნას სახელმწიფოს მართვის პროცესი სხვადასხვა სუბიექტისთვის. გრძლევადიან პერსპექტივაში კი საჭიროა ბალანსის დაცვა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობა

“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ინიციატივით, ცვლილება შედის 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებაში, რომელიც არეგულირებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების საკითხს და არა ძირითად კანონში.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვა იგეგმება საარჩევნო კოდექსსა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის გზით. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ წარმოდგენილ 27-ივე რეკომენდაციას განიხილავს.

“რაც შეეხება ბალანსს, რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან, ან მედიასაშუალებებში პარტიების წარმომადგენლობასთან, ამაზე გვექნება მსჯელობა შესაბამის ფორმატში. სახელმწიფო დაფინანსება უნდა იყოს ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მეტ-ნაკლებ ბალანსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. იგივე ეხება უფასო საეთერო დროს. აქაც მნიშვნელოვანია, რომ გადაიხედოს საარჩევნო კოდექსით წარმოდგენილი რეგულაციები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით კონსენსუსის მიღწევა ადვილი არ იყო, თუმცა ამბობს, რომ მობილიზებული აქვს დაახლოებით 100 ხმა და ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში, პროპორციულ სისტემაზე დროულად გადასვლას დაბრკოლება არ შეექმნება. საპარლამენტო უმრავლესობა აანონსებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომების ფარგლებში განხილვები სექტემბერში დაიწყება და საბოლოოდ, წლის ბოლომდე დამტკიცდება.

ამავე თემაზე:

საარჩევნო ცვლილების კანონპროექტის ავტორები ივანიშვილი და კობახიძე არიან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი