ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, დეკანოზ მამალაძეს დაკავებისას 4500 ევრო ჰქონდა თან

9 მარტი, 2017 • 10356
ადვოკატის თქმით, დეკანოზ მამალაძეს დაკავებისას 4500 ევრო ჰქონდა თან

დეკანოზ გიორიგ მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დაკავებისას დეკანოზს 4500 ევრო ჰქონდა თან, რაც რამიშვილის აზრით პროკურატურის ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

“როდესაც [ჩანაწერში] გარკვეულ თანხებზე ელაპარაკება და იქ მიდის [საუბარი] – მე ეს თანხა არ გამაჩნია, ჯერ 10 000-ზეა საუბარი, შემდეგ 5 000-ზე, მერე – 3000-ზე… იცით რა არის ყველაზე საინტერესო? მამა გიორგის რომ სდომებოდა, როგორც ირაკლი მამალაძე უებნება – ფულს თუ მომცემ ხელი-ხელში, იმ წუთასვე გადმოგეცემა ეს საწამლავიო, მისი დაკავების დროს, როდესაც მამა გიორგი დააკავეს, მას ჰქონდა 4500 ევრო. შესაბამისად, ისმის კითხვა – თუ ასე სწრაფად და გერმანიაში წასაღებად უნდოდა და ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის მოსაწამლად და მაღალი ირეარქიის სასულიერო პირების, მაშინ ის 4500 დოლარი, მაშინ ისმის კითხვა – ის “ჩვენ” და “ისნი” არ ეტყოდნენ, 4500 ევრო რომ წამოიღე – წამოგეღო [ნივთიერება] და შევასრულებდით ამ მომზადებულ დანაშაულს?! ამიტომ ვამბობ, ეს ძალიან აბსურდული დასაბუთებაა. როდესაც ჯერ კიდევ ავთენტურობა დაუდგენელ ჩანაწერში საუბარი მიდის – თანხა როგორც კი მექნება, ვთქვათ, მერე ვისაუბროთ ამ საკითხზე. თანხა, ღმერთმა უწყის, და დარწმუნებული ვარ, მამა გიორგის მანამდეც ჰქონდა” – თქვა მიხეილ რამიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ადვოკატის თქმით, თუ პროკურატურას სურვილი ჰქონდა მაღალი ინტერესის გამო, საზოგადოებისთვის გაეცნოთ ეს მტკიცებულებები, მაშინ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და სრულად გაასაჯაროოს ჩანაწერები. ადვოკატის თქმით, ჩანაწერების სრულად მოსმენის შემდეგ, ყველა მიხვდება, რომ სამსახურში წინსვლა და თანამდებობაზე დაწინაურება ჩვეულებრივი ყოფითი თემებია და იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ დეკანოზი ვინმეს მკვლელობას ამზადებდა ამ მიზნის მისაღწევად.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი პროკურატურამ 8 მარტს გაასაჯაროვა. დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი