ახალი ამბები

“ერთსულოვნების” თანამშრომლები პატრიარქს სთხოვენ მეუფე პეტრე თანამდებობაზე დატოვოს

9 მარტი, 2017 • 4037
“ერთსულოვნების” თანამშრომლები პატრიარქს სთხოვენ მეუფე პეტრე თანამდებობაზე დატოვოს

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს მიტროპოლიტი პეტრეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ:

“მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოციზიას. ამავე დროს, გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც 8 წლის გნამავლობაში  ღირსეულად მართავდა ტელევიზიას. ტელეკომპანია ერთსულოვნება  დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია  ტელევიზია “ერთსულოვნების”  განვითარების საქმეში – მომავალში დაფასდება. უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გაითვლაისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე” – ნათქვამია განცხადებაში.

მეუფე პეტრე დღეს, 9 მარტს, სინოდის სხდომაზე საპატრიარქოს ტელევიზიის მმართველობას ჩამოაშორეს. “მოვიდა დრო, რომ სხვამ უფრო მეტი გააკეთოს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის. მე რაც შევძელი, გავაკეთე,”- განაცხადა საპატრიარქოს ტელევიზიაში მისულმა მიტროპოლიტმა პეტრემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირების სათავე შორენა თეთრუაშვილია, რომელსაც, მისი თქმით, “განუსაზღვრელი ძალაუფლება” აქვს. მიტროპოლიტი პეტრე ტელევიზიის დირექტორის პოსტიდან დათხოვნას დირექტორის პოსტიდან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი