ახალი ამბები

ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა

8 მარტი, 2021 • 1179
ჭყონდიდის ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა, დიაკონ ანანია კალანდიას კი ბოლო გაფრთხილება მისცა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებაშია ნათქვამი, მღვდელმთავრის მოწოდებაზე, მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობა მიეღოთ, დიაკვნებმა, კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა თავიანთი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება არ ინებეს.

“მრავალი გაფრთხილებისა და შეგონების პასუხად მათ უცნაური “მიმართვა” გამოაგზავნეს, რომელშიც განაცხადეს, რომ “ძალა არ შესწევთ” “ღვთისგან” მათზე “დაკისრებული სადიაკვნე მსახურების” ჭყონდიდის მიტროპოლიტის “გვერდით აღსრულებისა”.  ამ “მიმართვის” მიღების შემდეგ ჩვენ კვლავ შევეცადეთ მათი ახლა უკვე წერილობითი შეგონება და მათზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისკენ მოწოდება, თუმცა მათ ეს ბოლო გაფრთხილებაც უგულებელყვეს, რის გამოც იძლებული ვართ, ჭყონდიდის ეპარქიაში კეთილმსახურებისა და საეკლესიო წესრიგის აღსადგენად ავუკრძალოთ დიაკონ კონსტანტინე გაბისონიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს ნებისმიერ მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა”, – ნათქვამია ბრძანებაში.

დიაკვნების მღვდელმსახურებაში აღდგენის საკითხი მხოლოდ “მათ მიერ გულწრფელი სინანულის საჯარო გამოხატვის შემთხვევაში” განიხილება.

გარდა ამისა, ბოლო გაფრთხილება მიეცა დიაკონ ანანია კალანდიას, რომელიც, ჭყონდიდის ეპარქიის ინფორმაციით,  მხოლოდ ერთხელ (აბაშაში), ისიც დაგვიანებით გამოცხადდა მსახურებაზე.

“მოვუწოდებ ჭყონდიდის ეპარქიის ცხოვრებაში შფოთის შემომტან სასულიერო პირებსა და ბერ-მონაზვნებს, აგრეთვე, მათ უგუნურ ქმედებებს აყოლილ საერო პირებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, არამედ, ხელი შეუწყონ ჭყონდიდის ეპარქიის სულიერი ცხოვრების აღორძინებასა და ღვთისადმი კეთილმსახურების გაძლიერებას”, – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას ისაუბრა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბრალდებებზე საპატრიარქოს მიმართ და თქვა, რომ “ეს დიაკვნები მან აცდუნა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი