ახალი ამბებისაზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქია: პატარა შფოთი თუ განხეთქილება სამომავლო რისკებით

8 აპრილი, 2021 •
ჭყონდიდის ეპარქია: პატარა შფოთი თუ განხეთქილება სამომავლო რისკებით

როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირების მომავალი — ამ კითხვაზე სასულიერო პირებს არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ. გაისმა წუხილი შესაძლო განხეთქილებასა და ეკლესიის გახლეჩის რისკებზე, მღვდელმთავართა ნაწილი კი სულაც არ ფიქრობს, რომ ამ პროცესსა და მის მოქმედ პირებს რაიმეს შეცვლის სერიოზული ძალა შესწევთ.

დღეს საპატრიარქოში შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც, სავარაუდოდ, ჭყონდიდში მიმდინარე პროცესებსაც განიხილავენ. სანამ საზოგადოება მეტ დეტალს შეიტყობს, რელიგიის ექსპერტები და თეოლოგები მსჯელობენ, რა შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი, მეორე მხრივ კი — ყველაზე უარესი სცენარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

“ამბოხი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ”

“მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობა და შეუფერებელი საქციელი” ის ბრალდებებია, რომელთა გამოც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერი კიდევ ერთი სასულიერო პირი — არქიმანდრიტი ათინოგენი — განკვეთა.

ამავე მოტივით მიტროპოლიტმა მღვდელმსახურება კიდევ 4 სასულიერო პირს აუკრძალა, თუმცა ეს მხოლოდ 1 ბრძანებით: გასულ კვირებში გამოცემული სხვა ბრძანებებით, ჯერ დედათა მონასტრის წინამძღვრის პატივი ჩამოართვეს, შემდეგ კი მონასტრიდან გარიცხეს მონაზონი სოსანა, მორჩილ ნინო გამყრელიძესთან ერთად.

კიდევ უფრო ადრე ზიარება აეკრძალა სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილს, ორი დიაკონი კი მოვალეობის შეუსრულებლობის მოტივით მღვდელმოქმედებას ჩამოაშორეს.

სადამსჯელო ღონისძიებების ობიექტთა მიმართ კრიტიკა მიმდინარე პერიოდში სხვა ეპარქიებიდანაც ისმოდა. მაგალითად, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პროცესი შეაფასა “უმსგავსო ამბოხად”, რომლის მონაწილეებიც “ყველა ღონეს იყენებენ, რომ სასჯელი გამოითხოვონ, ეკლესია კი მაქსიმალურად ცდილობს, მათ სინანულის გამოხატვის გზა არ გადაუკეტოს”.

“არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს” — ვინ ხედავს რისკს?

საჯარო განცხადებების მიხედვით, სასულიერო პირებს შორის განსხვავებული შეხედულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ჭყონდიდში მიმდინარე პროცესები.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი დაპირისპირების სერიოზულობას ეჭვქვეშ არ აყენებს. მისი განცხადებით, ამ მოვლენების “ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე ერთი ეპარქიის საზღვრებმა შეიძლება დაიტიოს”. ის სამომავლო რისკებზე საუბრობს და არ ფიქრობს, რომ პროცესის მონაწილეთა დასჯა პრობლემას გადაჭრის.

“ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველი არის ეკლესიისთვის.

არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს. არ უნდა შევქმნათ იმის პრეცედენტი, რომ გაჩნდეს პარალელურად მიმდინარეობები, სადაც ჩვენ დავინახავთ იერარქიას, რომელსაც მერე გინდა, კანონიერი დაარქვი და გინდა, უკანონო…

ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენს სულიერი შვილებთან. ჩვენს ძმებთან და დებთან. მე ვფიქრობ, რომ დღეს ის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც კანონიკურ სივრცეში სჭირდება დაბრუნება”, — დასძინა მან.

ვინ იზიარებს მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ნახსენები რისკების რეალურობას? ქადაგებისას თუ მედიასთან საუბრისას კითხვას უპასუხა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წევრმა. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომელსაც ჭყონდიდის მოვლენები “გარედან შემოტანილად” მიაჩნია, “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ პროცესის მომავალი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

“წარმოქმნილი პრობლემა და მისი გამოხატულების ფორმა ეკლესიაში გარედან არის შემოტანილი არაეკლესიური ადამიანების მიერ. შესაბამისად, მოხდება გახლეჩა თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აჰყვებიან სასულიერო პირები და ეკლესიის მრევლი ამ პროვოკაციას; ასევე იმაზე, თუ კიდევ რა პროვოკაცია და თავდასხმა იგეგმება. მე პირადად მგონია, რომ ამ უმსგავსო ამბოხს ღმერთი დააწყნარებს”.

შეფასებისას უფრო ხისტი იყო ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელმაც მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებულ ადამიანებს მოუწოდა,  “დაინახონ თავიანთი ცუდი საქციელი და სინანულით დაუბრუნდნენ ქრისტეს ეკლესიას”.

“რა განხეთქილება? მასეთ ადამიანებს ვინ დაუდგება? წავლენ, თავისკენ გაიყოლებენ ერთი 100-200 კაცს და ახლავე უნდა იცოდნენ, რომ არ დაიღუპონ თავი. ახალ ეკლესიას შეგვიქმნიან, თუ სადმე საპატრიარქოს დააარსებენ და იქ თავისუფლად შევლენ…

აბა, კარგად შეხედონ მაგას და რის უფლებას მივცემთ და რისას — არა. ჩვენ თუ არ მივეცით უფლება, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. რომ არ დაგვეშვა და კიდევ არ ვუფრთხილდებოდეთ, აქამდე თავიანთ ადგილს ვანახებდით”, — აღნიშნა მან ქადაგებისას.

არც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ფიქრობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესები განხეთქილების მასშტაბებს აღწევს. სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

“ვინც დაიწყო, იმან უნდა აგოს პასუხი, პირველ რიგში. არ არის ჩვენი სურვილი, რომ ვინმე განიკვეთოს, პირველ რიგში კი, პატრიარქის [სურვილი არ არის]…

ამიტომ უწოდა უძღები შვილი, უძღები შვილი ვინ იყო? ვინც მამის სახლი დატოვა, წავიდა სხვაგან და მერე მობრუნდა სინანულით. პატრიარქმა ანიშნა, რომ მე მიგიღებ სინანულით.

ეს განხეთქილება არაა, ეს არის პატარა შფოთი, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და ვიღაცებს, ჩვენ არ გვაშფოთებს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ადამიანი, რომელიც იყო პატივდებული, ეს ადამიანები დღეს უცნაურად იქცევიან”.

“ეს რაოდენობა ძალიან მცირეა ეკლესიის გახლეჩისთვის”

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებს კონფლიქტის პირველი დღეებიდან აკვირდება. მისი აზრით, პრობლემა, რომელიც ხსენებულ ეპარქიაში არსებობს, ლოკალური არ არის და თავისი შინაარსით მთლიანად ეკლესიას ეხება.

მეორე მხრივ, თეოლოგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ეკლესიაში რაიმე სახის გახლეჩის შესაძლებლობა არსებობს. აღნიშნულს გამრეკელაშვილი ხსნის კონფორმიზმით, რომელიც, მისი შეხედულებით, “მღვდელმსახურთა უმრავლესობას” ახასიათებს.

“…ეკლესიის შიგნით მღვდელმსახურთა უმრავლესობა არის კონფორმისტი, დამყოლი ბუნების ადამიანი, ყველაფერზე წამსვლელი საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად.

მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არსებობენ, ვისაც გააჩნიათ სათანადო სითამამე, რომ რაიმეს წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ. შესაბამისად, ეს რაოდენობა ძალიან მცირეა ეკლესიის გახლეჩისათვის”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ამის საილუსტრაციოდ მირიან გამრეკელაშვილი ჭყონდიდში მიმდინარე დაპირისპირების დროს სასულიერო პირთა ჩანაცვლების დინამიკას ახსენებს. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიაში “ყველა ეპისკოპოსი ამოდის თეზიდან, რომ არ არსებობს ჩაუნაცვლებელი პიროვნება”.

“მოხსნი რომელიმე დედათა მონასტრის წინამძღვარს? იქვე იპოვნი შემცვლელს. განკვეთავ მღვდელს დღეს? საღამოს უკვე იპოვი იმას, ვინც მის ადგილს დაიკავებს. ეს არის ჩვეულებრივი დარვინისტული, ევოლუციური დინამიკა, როცა გამოთავისუფლებულ ადგილს უმალ სხვა იკავებს და არასდროს კითხულობს, რატომ გაუშვეს მისი წინამორბედი ამ პოზიციიდან”, — აღნიშნავს თეოლოგი.

“თუ ახლა ჩანს, რომ ვიღაცას 200 კაცი ჰყავს, ეს არ ნიშნავს, რომ რიცხვი არ მოიმატებს”

მიტროპოლიტ პეტრეს მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, სინოდმა განიხილოს მის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისადმი 2019 წელს გახმიანებული ბრალდებები.

[2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრობა ჩამოართვეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ პატრიარქმა, მღვდელთმთავრობიდან ეკლესიაში “მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”].

სინოდის პოზიციებიდან გამომდინარე, თეოლოგ ზვიად ცაბაძეს ამ მოთხოვნის შესრულების მოლოდინი არ აქვს, რის გამოც გამორიცხავს, რომ ჭყონდიდის პრობლემა კანონიკურ სივრცეში გადაიჭრება. შესაბამისად, ის რეალურად მიიჩნევს ეკლესიაში განხეთქილების რისკებს, რომელთა კონტურებიც, როგორც აღნიშნავს, “აშკარა გახდა ციანიდის საქმის დაწყების პერიოდიდან”.

“თუ კანონიკური სივრცე ჩაიკეტა, უკვე სახეზე გვექნება ე.წ. დაუმორჩილებლობა, ე.წ. ამბოხი და ეს ყველაფერი მიუთითებს იმისკენ, რომ თითქოს რაღაც ახალი, დამოუკიდებელი, განსხვავებული უნდა წარმოიქმნას. ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომ ჭყონდიდში სასულიერო პირთა ნაწილმა პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა [ლოცვებში].

…ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის განხეთქილება, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ არის დაკანონებული… რადგან ყველაფერი იქით მიდის, რომ კანონიკური გადაწყვეტა ამ საქმეს არ ექნება, შესაძლებელია, ეს მალე გაფორმდეს ოფიციალურ განხეთქილებად”, — აღნიშნავს ცაბაძე.

ზვიად ცაბაძე

თეოლოგი არ ფიქრობს, რომ განხეთქილების ალბათობა მცირდება კრიტიკოსთა ამჟამინდელი რაოდენობის გამო. ზვიად ცაბაძის აზრით, ეს რაოდენობა არ არის შეუცვლელი და მის გაზრდას “ხელს უწყობს საპატრიარქოს მიერ ერთმანეთის მიყოლებით დაშვებული კანონიკური შეცდომები”:

“თუ ახლა ჩანს, რომ ვიღაცას ჰყავს 100 ან 200 კაცი, ეს არ ნიშნავს, რომ რიცხვი არ მოიმატებს. ეს არ არის თავის დამშვიდების საშუალება. თუ სინოდის სხვა წევრები არ შეუერთდებიან, ამას მაინც განხეთქილება ერქმევა.

…მარტო მღვდლები რომ იყვნენ, სხვა ვითარება გვექნებოდა. მაგრამ აქ უკვე ეპისკოპოსთან[პეტრე ცაავა] გვაქვს საქმე, რომელსაც თავისი მომხრეები ჰყავს, სასულიერო პირები ჰყავს, მრევლი ჰყავს… და ეს შეიძლება გაიზარდოს”.

გამოსავლის ბუნდოვანი პერსპექტივა

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მომხრეთა ზემოხსენებულ მოთხოვნას, რაც პატრიარქის მიმართა გახმიანებული ბრალდების განხილვას გულისხმობს, სინოდში არ იზიარებენ: მიტროპოლიტმა სტეფანემ კრიტიკოს მღვდელმსახურებს უთხრა, რომ სჯულის კანონის მიხედვით, მსგავს ბრალდებებს ავტორმა წერილობითი ფორმა უნდა მისცეს და ასე მიმართოს შესაბამის ორგანოს, რაც მიტროპოლიტ პეტრე ცაავას არ გაუკეთებია.

სინოდის კიდევ ერთი წევრი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი, პეტრე ცაავას გზავნილებს არათუ შესაძლო განხილვის ობიექტად, არამედ ბრალდებებადაც არ მიიჩნევს.

“ბრალდება ეწოდება სწორი ფორმით, კანონებზე დაყრდნობით წარდგენილ საჩივარს, რაც არ ყოფილა. მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული იყო მხოლოდ ცილისწამება და შეურაცხყოფა, რასაც არავითარი ლეგიტიმური განხილვა არ ეთანადება. მისი მოქმედება არის ზნეობრივი დანაშაული და დიდი სჯულის კანონით სრულ განკვეთას იმსახურებს”, — აღნიშნავს ის.

თეოლოგები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, სკეპტიკურად უყურებენ როგორც სინოდის წევრთა არგუმენტებს, ისე დაპირისპირებიდან გამოსავლის პერსპექტივას.

“სჯულის კანონი არ არის რაღაც განყენებული. აქვს მას დროითი კონტექსტი, დროითი გაგება… არის კანონები, რომლებსაც ერთობლიობაში სჭირდება აღქმა და გაგება. სწორედ ეს აკლია მეუფე სტეფანეს და სწორედ თვითონ დაარღვია პროცედურები, როცა დასაჯა ეპარქიაში სასულიერო და საერო პირები”, — დასძენს ზვიად ცაბაძე.

მირიან გამრეკელაშვილი ფიქრობს, რომ პეტრე ცაავას ბრალდებების განხილვის მოთხოვნის საპასუხოდ მიტროპოლიტი სტეფანე თავის რიტორიკას მთლიანად ფორმალობაზე აგებს და ფორმალური პროცედურების ნაწილში სიმართლე მართლაც მისკენ არის. თუმცა თეოლოგს მთავარ პრობლემად ბიუროკრატია არ მიაჩნია. კითხვას, უნდა განიხილოს თუ არა სინდომა ეს საკითხი, გამრეკელაშვილი კითხვითვე პასუხობს. მისი თქმით, როცა ბრალდებულიც და მსაჯულიც ერთი და იგივე ინსტანცია და პიროვნებაა, სამართლის დადგენის რა შანსი არსებობს?!

https://batumelebi.netgazeti.ge/news/338547/?fbclid=IwAR2YH_IX32b2FlI4DvWteXk_giJz63iBqQYCClBjkjO0eyBROchYMbsF_Cs

მასალების გადაბეჭდვის წესი