საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოსთან მრევლთან ერთად მივიდა და ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ილია მეორე მასთან შეხვედრას არ დათანხმდა, რას გეგმავს, ყოფილი მიტროპოლიტი პასუხობს, რომ საპარტიარქოსგან პასუხს ჯერ დაელოდება და გეგმებზე შემდეგ ისაუბრებს.
“თუ პარტიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი. მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და შენდობა ვითხოვო. მაგრამ მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის უძღები შვილი, რომელიც განუდგა ღმერთს და რომელიც ღვთის კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს”,-უთხრა ჟურნალისტებს პეტრე ცაავამ.
ამის შემდეგ ყოფილმა მიტროპოლიტმა მომხრეებთან ერთად საპატრიარქოს უკანა შესავლელთან გადაინაცვლა, საიდნაც პატრიარქს მიმართა. მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფებოდნენ ჭყონდიდიის ეპარქიის სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიის ახალმა ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ საეკლესიო წესების დარღვევის ბრალდებით დასაჯა. ასევე, საპატრიარქოსთან იმყოფებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელიც ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვს.