ახალი ამბები

ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

9 მარტი, 2017 • 7119
ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა.

ამ ნაკვეთებთან არის მოწყობილი დროებითი ნავმისადგომიც, საიდანაც ციხისძირში, ბუკნარსა თუ ჩაქვში ამოთხრილი მრავალწლოვანი ხეები ურეკში გემით გადააქვთ. ნავმისადგომის მოსაწყობად კი ნაპირდამცავი რკინაბეტონის ნაგებობის ერთი მონაკვეთიც დაანგრიეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და შიგ გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია.

IMG_20170221_111110

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე 5436 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები [484,8 კვ/მ] პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 400 ათას ლარად საკუთრებაში გადაეცა ტარიელ ფაღავას,“ – ეს არის ამონარიდი მთავრობის 2016 წლის სექტემბრის განკარგულებიდან, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

ამ განკარგულებით ტარიელ ფაღავამ [რომელსაც ვერ დავუკავშირდით] საპრივატიზებო თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა გადაიხდოს.

17200102_1754401168206889_684929083_o

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ /მანანა ქველიაშვილის ფოტო

მთავრობის განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ ფაღავამ „პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე მოაწყოს არანაკლებ 4 კოტეჯი  [თითოეულ კოტეჯში არანაკლებ 4 სასტუმრო ნომერი], სპორტული მოედანი, კვების ობიექტი, არანაკლებ 20  ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი… ამასთან, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ  500 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს“.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტარიელ ფაღავასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა, დაახლოებით ერთ თვეში კი ქონება იპოთეკით დაიტვირთა – იპოთეკარია „ბანკი ქართუ“.

IMG_20170221_111442

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

ტარიელ ფაღავას სახელმწიფომ პირობებში „ნარგავების გაშენების“ ვალდებულებაც ჩაუდო, თუმცა, ადგილზე ჩანს, რომ მრავალწლოვანი ხეები აქ მოჭრილიცაა და ზოგს თხრიან ურეკში გადასატანად. ამასთან, ფაღავასთვის პირდაპირი მიყიდვით გადაცემული ქონება და იქვე, კიდევ ერთი შპს-ს – „სისაიდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამ კომპანიამ უპირობო აუქციონზე შეისყიდა სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, ერთი ღობითაა შემოსაზღვრული და პერიმეტრს დაცვაც აკონტროლებს.

შპს „სისაიდი“ 2015 წელსაა დარეგისტრირებული და მისი დირექტორია გელა კობერიძე, 100% წილის მფლობელი კი შპს „ოლდ სითი დიველოპმენტ“.

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

თავის მხრივ, „ოლდ სითი დიველოპმენტ“-ის დირექტორი არის ირაკლი ქარსელაძე, ხოლო ამ შპს-ს 100% წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. თანაინვესტირების ფონდი კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში.

მიწის სამი ნაკვეთი, საერთო ფართობით 3817 კვ/მ, სახელმწიფომ ყოველგვარი პირობის გარეშე აუქციონზე 296 ათას ლარად გაიტანა და 362 ათას ლარად გაიყიდა 2016 წლის 13 დეკემბერს. ამ ტერიტორიის მესაკუთრე დღეს შპს „სისაიდია“.

17193959_1754401984873474_188694041_o

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / მანანა ქველიაშვილის ფოტო


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში  გასხვისებულ ტერიტორიაზე კი, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგს კი თხრიან და იმ პარკში გადასატანად ამზადებენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს.

სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები ამჯერად შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აუქციონის გამოცხადების საფუძველი იყო კონკრეტული დაინტერესება.

მასალების გადაბეჭდვის წესი