ახალი ამბები

ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

1 მარტი, 2017 • 2470
ხეებს ციხისძირში სახელმწიფო აუქციონზე ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მრავალწლიან ხეებს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“  აუქციონზე 13 ათას ლარად ყიდის. აუქციონზე ბიჯი 500 ლარია.

სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი სამი ხიდან:

  • ამბრის ხის გარშემოწერილობა 2,4 მ. სიმაღლე 30 მ-ია;
  • ევკალიპტის ხის  გარშემოწერილობა- 5,55 მ. სიმაღლე- 35-40 მ;
  • სექვოიას ხისა კი – გარშემოწერილობა 4,2 მ. სიმაღლე- 25 მ.

ხეების მყიდველის ვინაობა ოფიციალურად აუქციონის დასრულების, 6 მარტის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღნიშნულ ხეებს, სავარაუდოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს.

აღნიშნულ პარკში აჭარიდან გადატანილი პირველი ხე – მრავალწლოვანი ტიტა, ორ სხვა ხესთან ერთად 2015 წლის დეკემბერში, კომპანია „ზიმომ“ შეისყიდა. მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით „ზიმოს“ 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე. ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს.

ვინაიდან ხეები ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გააქვთ, „ბათუმელებმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან მიმდინარე წლის იანვარში გამოითხოვა ყველა იმ ნაკვეთის საკადასტრო კოდები, საიდანაც გაიტანეს ან გააქვთ ხეები. მუნიციპალიტეტიდან მიღებული დოკუმენტებით მხოლოდ რამდენიმე ნაკვეთის საკადასტრო კოდი დგინდებოდა, რომლებიც კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმის, „მზიურის“ ტერიტორიაზე კი მრავალწლოვანი ხეები მოჭრეს, იმ ხემდე გზის მისაყვანად, რომელიც დღეს დენდროლოგიურ პარკში გადასატანად უკვე მზადაა. არის თუ არა ეს ხე კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე, შესაბამის უწყებებში ამ დრომდე ვერ დავადგინეთ.

IMG_20170221_111901

ეს ხე, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო უკვე შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკშია გადატანილი / ჩაქვი, 2017 წლის თებერვალი / თედო ჯორბენაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი