იურიდიულმა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა “რესპუბლიკური პარტიის” საკანონმდებლო წინადადებას ფემიციდის შესახებ.

“რესპუბლიკელების” საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებები გულისხმობს ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებას და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას. ცვლილებები ასევე მოიცავს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილსი განცხადებით, გენდერული თანასწორობის კომისიის სხდომაზე ამ საკითხზე იმსჯელეს:

“ჩვენ დავუკვირდით დღეს არსებულ კანონმდებლობას და სისხლის სამართლის კოდექსი გენდერულ დანაშაულისთვის ითვალისწინებს ისეთ სანქციას, რაზეც უფრო მკაცრი სანქციით დამნაშავე ვერ დაისჯება. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლზე. ”

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, თამარ კორძაიას განცხადებით, მას არ გაუკვირდა იურიდიული კომიტეტის ასეთი დასვკნა.  მისივე თქმით საკანონმდებლო წინადადება პარტიამ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შესახებ მომზადებული ცვლილებების პაკეტის ინიცირებამდე შემოიტანეს. მისივე თქმით, მზად არიან პროექტი შესაბამისობაში მოიყვანონ კონვენციასთან შესაბამისობაში:

“სტამბოლის კონვენციის შესახებ მომზადებული პაკეტი კარგია, მაგრამ იქ არ კეთდება აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე, როცა კონვენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ქალების პრობლემა უნდა გამოიკვეთოს. ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტის მიერ ამ ინიციატივის გაზიარება პაკეტს დახვეწდა, გააუმჯობესებდა,” – აღნიშნა კორძაიამ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, გურამ იმნაძის აზრით, სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის შესახებ ჩანაწერის გაკეთება სახელმწიფოსთვის მიერ საკუთარი პოლიტიკის დაფიქსირების  კარგი საშუალებაა. მისივეაზრით, 53 პრიმა მუხლი

“ეს კარგი ჩანაწერია, მაგრამ პრაქტიკაში საკმაოდ პრობლემურია მისი ეფექტურად  გამოყენება. ამ მუხლით საქმის კვალიფიცირება არ ხდება, ეს არის სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალსიწინებელი გარემოებაზე, რაზეც გამოძიების დროს თუ არ მოხდა ყურადღების გამახვილება, მოსამართლე თვითონ ვერ იმსჯელებს,”-  აღნიშნა იმნაძემ.

დავით მათიკაშვილსი განცხადებით, კომიტეტის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, საკითხი დახურული არ არის და თუ მომავალში ვინმე ანალოგიური წინადადებით მიმართავს პარლამენტს, სასურველია უფრო დახვეწილი წინადადება მოამზადოს:

“ვისურვებდი, რომ მომავალში უფრო დახვეწილი წინადადება შემოვიდეს და ჩანდეს,  მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სად არის საჭიროება დამატებით მოხდეს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრა. მსჯელობას არ ვწყვეტთ, ველოდებით წინადადებებს, რომლებიც კიდევ უფრო ადექვატური, კიდევ უფრო მიზანმიმართული იქნება და კომიტეტს დაარწმუენბს, რომ ასეთი ცვლილება აუცილებელია. ისე კი,  მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის პოლიტიკა ფემიციდის საკითხს ფარავს. ”

“რესპუბლიკელების” კანონპროექტის თანახმად, ფემიციდი არის  ქალის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნის მიხედვით  მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა  წევრის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.  იგივე ქმედება ჩადენილი:   ორსული ქალის მიმართ; არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;   ჯგუფურად – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე.  იგივე ქმედება ჩადენილი:   ორი ან მეტი პირის მიმართ;  განსაკუთრებული სისასტიკით; ან  შეკვეთით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო  თავისუფლების აღკვეთით.

სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და ის მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის „ქალი“ მოიცავს 18 წელს მიუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანსაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.