ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტებმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

27 თებერვალი, 2017 • 1794
პარლამენტის კომიტეტებმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

დღეს, 27 თებერვალს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს.

სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და ის მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის „ქალი“ მოიცავს 18 წელს მიუღწეველ მდედრობითი სქესის არასრულწლოვანსაც.

ცვლილებების მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ;  პირთა ჯგუფის მიერ;  არაერთგზის, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პროექტით,  ძალადობისგან დაცვის უფრო ქმედითი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, იცვლება შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლის საკითხი და სწრაფი და ეფექტური რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, უქმდება მისი ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება.

პროექტით, სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება ახალი ტერმინი – ადევნება. კერძოდ, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც აიძულებს პირს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგელო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სისხლის სამართლი სწესით დაისჯება გოგონათა გენიტალიების დასახიჩრებაც. პროექტის მიხედვით, რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან ამგვარის გარეშე, ქალის გენიტალიების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვა სახის დასახიჩრება, ან ქალის იძულება, დარწმუნება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ქალის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რაც შეეხება იძულებით სტერილიზაციას, წინასწარი თანხმობის გარეშე პირისათვის ისეთი ოპერციის ჩატარება, რომლის მიზანი ან შედეგია პირის რეპროდუქციის უნარის შეწყვეტა ან/და მისი სრული მოშლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ახლებურად ყალიბდება სექსუალური ძალადობის შესახებ მუხლიც. ცვლილებების მიხედვით, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების ან სახელგამტეხი ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ანდა სხვა ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

გარდა ამისა,  ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ანდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

“ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში,”- აღნიშნულია განამრტებით ბარათში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით  არსებულ ვითარებას გამოასწორებს:

“სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც აქამდე დუმდა ქალის მიმართ ძალადობაზე, ახლა სხვანაირად იქნება ფორმულირებული,” – აღნიშნავს ბარამიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი