ახალი ამბები

ადვოკატი: დეკანოზ მამალაძის სახლიდან ამოღებული იარაღი შესაძლოა ბრალდების მოწმეს ეკუთვნოდეს

6 მარტი, 2017 • 3124
ადვოკატი: დეკანოზ მამალაძის სახლიდან ამოღებული იარაღი შესაძლოა ბრალდების მოწმეს ეკუთვნოდეს

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოიღეს, შესაძლოა, პროკურატურის მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნოდეს, რასაც ირაკლი მამალაძე უარყოფს.

“ინფორმაცია შეიძლება ბევრი იყოს, ყოველ შემთვევაში, მაგ საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს გამოკვლევა, შემდეგ ცნობილი იქნება ვისი იყო იარაღი. შანსი არის რომ მამა გიორგისი არ იყოს. ვისი არის, ამას უკვე გამოძიება დაადგენს”, – ამბობს ადვოკატი.

არის თუ არა ეს იარაღი ირაკლი მამალაძის მიხეილ რამიშვილი არც უარჰყოფს და არც ადასტურებს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლებელია პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა მისცა დეკანოზს 500 აშშ დოლარი ციანიდის შესაძენად, თუმცა უფრო დეტალურად საქმის ამ და სხვა გარემოებების შესახებ არ საუბრობს და ელოდება, როდის განაახლებს გამოძიება დაკითხვის პროცესს.

“ეს კითხვები დაისვა გამოძიების მხრიდან, შესაბამისად გასაცემია კითხვებზე პასუხები და მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ერთი რამდენიმე დღე და ყველასთვის ყველაფერი ცნობილი იქნება, როდესაც მოხდება დაკითხვა. ანალოგიური და მეტი კითხვები გაგვაჩნია დაცვის მხარეს ამ საქმესთან დაკავშირებით”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ძალიან ბევრ თემაზე ლაპარაკობს და ყველაფერ ამ თემას უნდა ოფიციალურად დაფიქსირება, თუმცა იგი მას შემდეგ დათანხმდება დაკითხვის გაგრძელებას, რაც მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას დაიცავს სახელმწიფო.

რამიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარე ელოდება პასუხს პროკურატურიდან, მისი თქმით, ოჯახის წევრები დაბარებული იყვნენ ბათუმის პროკურატურაში.

“გასაუბრების შემდეგ ჩამოყალიბდება ბრალდების მხარე ამ საკითხის გადაწყვეტაში”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

“ნეტგაზეთი” პროკურატურას დაუკავშირდა შეკითხვით, მიიღებენ თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების ზომებს, საიდანაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ იმის გამო, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფო საიდუმლოა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ირაკლი მამალაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება და ფიქრობს, რომ ამგვარი ბრალდებები დაცვის მხარის სტრატეგიაა.

“ეს ვერსია, ასე მგონია, რომ ჩვენებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიხეილ რამიშვილი ჩაერთო ამ საქმეში და ვფიქრობ, რომ ეს მისი სტრატეგიაა. მამა გიორგის წინასწარ გამოძიებაში მსგავსი რამე არ დაუფიქსირებია. ამასთან დაკავშირებით დავიკითხები ალბათ ჩატარდება სპეაციალური ექსპერტიზა, თუ ამოვა ჩემი ანაბეჭდები, ესე იგი მე მეკუთვნის, სხვანაირად იარაღი ჩემზე რეგისტრირებული ჩემზე არ ყოფილა, არც კანონიერი არც უკანონო, საერთოდ იარაღთან შეხება არ მქონია”, – ამბობს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაკითხეს. დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ბრალდებულმა გამოძიებას 30 თაბახის ფურცელი მისცა. პროკურატურის ცნობით, იარაღი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემისგან უარი 28 თებერვალს განაცხადა იმ მოთხოვნით, რომ კონკრეტულ შეკითხვებს პასუხს იმ შემთხვევაში გასცემს, თუ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას დაიცავენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი