ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძე პროკურატურისგან ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

28 თებერვალი, 2017 • 2142
დეკანოზი მამალაძე პროკურატურისგან ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მამალაძე გარკეულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს და პროკურატურისაგან ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.

“რაღაც გარკვეული შეკითხვები იყო გამოძიების მხრიდან და მამა გიორგიმ ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია,” – აცხადებს მიხეილ რამიშვლი. მისი თქმით, დეკანოზი შესაბამისი განცხადებით მიმართავს პროკურატურას.

“უშუალოდ მისი წაყენებულ ბრალთან მიმართებით ის მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან სწორი გაგებით, ანუ თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ ბრალი დაიბრალო, არამედ თანამშრომლობს, პირველ რიგში, მისი უდანაშაულობიდან გამომდინარე. რაც შეეხება უსაფრთხოებას, იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ზოგადად ამ თემას ეხებოდა, რაზეც მამა გიორგიმ ამ ეტაპისთვის შეიკავა თავი მარტივი მიზეზის გამო. ის ითხოვს საქართველოს მთავარი პროკურატურსგან ამ კითხვებისთვის პასუხის გასაცემად მაქსიმალურ უსაფრთხოებას, რაზეც ჩვენ წერილობით უნდა მივმართოთ. სავარაუდოდ, ხვალ იქნება ეს. ამ უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება, ამ კითხვებსაც გასცეს პასუხი, მაგრამ ეს არ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ისე, რომ მამა გიორგი არ სცემს პასუხებს სრულად. მამა გიორგი მისი ბრალდების მიმართ აბსოლუტურად სრულყოფილად სცემს პასუხებს. უბრალოდ, ამ თემასთან დაკავშირებით საკითხებბზე იყო დამატებული კითხვები, რაზეც მან უთხრა, რომ რამდენიმე კონკრეტულ კითხვას გასცემს მაშინ პასუხს, როცა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს. ამოსავალი წერტილი მისთვის არის ოჯახის უსაფრთხოება და შემდეგ მისი პირადი.” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ ციხის დატოვების შემდეგ.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაკითხვის პროცესი, რომელიც დღეს ვერ დასრულდა, შესაძლოა ხვალვე გაგრძელდეს.

“დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურაც მოვა ამის თაობაზე ჩვენთან თანხვედრაში და ისინიც დაფიქრდებიან იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მამალაძის მიმართ არსებობს. მით უმეტეს, პირველ რიგში, მის მიერ გაჟღერებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

მე არ გამოვრიცხავ, როგორც დღეს დასჭირდა 8 საათი, ისე მომდევნო 8 საათი დასჭირდეს, იმდენი ინფორმაციაა მისაწოდებელი გამოძიებისთვის. გამოძიების შინაარსობრივ მხარეზე მე ვერ ვსაუბრობ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რაზეც თუნდაც პოზიტიური განწყობა გვაქვს დღევანდელი დღის შემდეგ, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება დააფიქრებს ამ საკითხზე მთავარ პროკურატურას და რეალურად დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე, არამედ სხვა ვერსიებზე ფიქრს.” – ამბობს ადვოკატი.

ფანცულაიას თქით, პროკურორმა დეკანოზს დაუსვა შეკითხვები როგორც ციანიდის, ასევე იარაღთან დაკავშირებითაც, და მიიღო მისგან პასუხები, თუმცა თემაზე საუბარი, სავარაუდოდ, შემდეგ დაკითხვაზეც გაგრძელდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურა მასთან დღეს, 27 თებერვალს მივიდა დასაკითხად. დაკითხვის დასრულების შემდეგ მან საქმის შინაარსზე არ ისაუბრა და ამ ეტაპზე ვერც იმას აკონკრეტებს, როდის გაგრძელდება მამალაძის დაკითხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი