ახალი ამბები

პროკურორი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა

1 მარტი, 2017 • 4480
პროკურორი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ–ერთი პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროკურატურის წარმომადგენლები და სამართალდამცავი ორგანოები დაწყევლა. ამის შესახებ წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები, მისგან მივიღეთ მისი ადვოკატის მეშვეობით [წყევლა/მუქარა]. შემდეგ თავადაც შეგვხვდა და შემოგვითვალა წყევლა ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. საერთოდ უარი თქვა მან დაკითხვის პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე, ჩვენს ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე საერთოდ თქვა უარი,” – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებული ვერ პასუხობს ვერც ერთ კრიტიკულ შეკითხვას  და განზრახ აჭიანურებს პროცესს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ გიორგი მამალაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს:

“ჩვენ სხვას ვერაფერს ვფიქრობთ, გარდა იმისა, რომ იგი, უბრალოდ, ვერ სცემს ჩვენს ვერც ერთ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხებს. ხმამაღალი განცხადებები, ადვოკატების და ბრალდებულის პოზიცია, რომ ჩვენ ვაჭიანურებდით დაკითხვას და ჩვენ არ გვინდოდა მისი დაკითხვა, დღევანდელი დღითაც ნათლად დადასტურდა, რომ სიცრუეა. ჩვენ მერამდენედ გამოვცხადდით მისი დაკითხვის მიზნით? მორიგ მიზეზად გამოიყენა, რომ უსაფრთხოებას ითხოვდა, თუმცა აქამდე, როცა მზაობას გამოხატავდა თანამშრომლობაზე, იგი წინაპირობად არ აყენებდა ჯერ დაცვის ღონისძიებების გატარებას და შემდეგ ჩვენების მოცემას – ისე იყო მზად, მოეცა ჩვენება. დღეს უკვე ის გამოიყენა საბაბად, რომ იგი ითხოვს უსაფრთხოების ზომებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატავს თანხმობას თანამშრომლობაზე. ჩვენ არ გვაქვს უკვე ამის იმედი.”

დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ეს იყო დაწერილი სიტყვები, რაც არ არის შეგინება და მხოლოდ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული:

“ეს იყო დაწერილი სიტყვები, რაც არ არის შეგინება და, უბრალოდ, რაღაც ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, სადაც მიუთითა: თუ მე მქონდა ციანიდი, თუ მე ვაპირებდი შორენას, პატრიარქის და მაღალი სასულიერო პირების მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამო… თუ არადა, თქვენმა შთამომავლობამო.”

როგორც რამიშვილი ამბობს, გიორგი მამალაძემ ზუსტად ჩამოთვალა ის პირები, ვისი დაცვის უზრუნველყოფასაც ითხოვს და ვისგან, რა სახის მუქარაა მოსალოდნელი. ადვოკატის თქმით, დეკანოზის ჩვენებაში ძალიან ბევრი საერო და სასულიერო პირია მოხსენებული, ვინც ე.წ. ციანიდის საქმეში ფიგურირებს.

“მამა გიორგიმ მოითხოვა: თუ გინდათ, რომ თქვენს ე.წ. კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხი გაგცეთ… და ზუსტად ჩამოთვალა ის პირები, ვისი დაცვის უზრუნველყოფასაც ითხოვს, რადგან ჩვენებაში ზუსტად არის მითითებული, ვისგან, რა სახის მუქარა არის მოსალოდნელი. დეკანოზის ჩვენებაში ძალიან ბევრი საერო და სასულიერო პირია მოხსენიებული, ვინც ამ საქმეში გარკვეულწილად ფიგურირებს. აუდიო და ვიდეოჩანაწერში ძალიან ბევრი ფრაზაა: მარილიც შეიძლება იყოს, გაფრენაც შეიძლება იყოს, გადაფრენაც შეიძლება იყოს, ყველასი – ადამიანების,” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

კითხვაზე, აუდიოჩანაწერში ისმის თუ არა სიტყვები “შორენა მარილზე უნდა გავიდეს”, მიხეილ რამიშვილი პასუხობს: “შეიძლება ისმის, შეიძლება – არა. შეიძლება ისიც ისმის, რომ შორენა ბაზარში უნდა წავიდეს”.

მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის დაკითხვა დღესაც ვერ მოხერხდა. როგორც ადვოკატები ამბობენ, გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიების მიღებამდე უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე. პარასკევს დაცვის მხარემ პროკურატურა დაადანაშაულა დაკითხვის პროცესის განზრახ გადადებასა და პროცესის გაჭიანურებაში. დეკანოზის დაკითხვა ორშაბათს დაიწყო და 8 სააათს გაგრძელდა. დაკითხვა მომდევნო დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვერ მისცემდა ჩვენებას. ადვოკატებმა ორშაბათს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები, რის შემდეგაც დეკანოზი მზად იქნება, გარკვეულ კითხვებს უპასუხოს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი