ახალი ამბები

ხალვაში არ ამბობს, “რუსთავი 2”-ის რამდენპროცენტიანი წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის

2 მარტი, 2017 • 4028
ხალვაში არ ამბობს, “რუსთავი 2”-ის რამდენპროცენტიანი წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის გარკვეულ ნაწილს არხის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, თუმცა, წილის რა რაოდენობაზეა საუბარი, ხალვაში არ აკონკრეტებს. მისივე თქმით, საკონტროლო პაკეტი სხვა ადამიანების ხელში არ აღმოჩნდება.

“დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპრარაკებულები ვიყავით და ზუსტად იციან  ეს ციფრები და მე მგონია, რომ გაუგებრობას არ ექნება ადგილი. მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას [წილის პროცენტულობის] შესახებ არ ვაპირებ”, – განაცხადა ხალვაშმა “მოამბესთან” საუბრისას.

კითხვაზე, დარჩება თუ არა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მის ხელში, ქიბარ ხალვაშმა ასე უპასუხა:

“ტელევიზიას მე ისე არ მოვექცევი, რომ ის აღმოჩნდეს სხვისი კონტროლის ქვეშ. აქედან გამომდინარე, შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია და ის იყოს ხალხის სამსახურში”.

კითხვაზე, როდის აპირებს ტელევიზიაში მისვლას, ხალვაშის თქმით, ამას მაშინ გააკეთებს, როდესაც მხარეები აღელვებული აღარ იქნებიან და ამის შესაძლებლობა მიეცემა:

“შევეცდებით, რომ ყველა მხარე კმაყოფილი იყოს. მე არ მგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩება ჩვენთან ურთიერთობით, ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს და ვთვლი, რომ ამ ადამიანებმა სამსახური არ უნდა დაკარგონ. რუსთავი 2 იქნება ნამდვილად ხალხის სამსახურში და არ იქნება ტენდენციური და რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი”

დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი