ახალი ამბებისაზოგადოება

შშმ ბავშვების მშობლები სახელმწიფო სერვისებში ჩასართავად ვაუჩერების აღდგენას ითხოვენ

28 თებერვალი, 2017 • 15660
შშმ ბავშვების მშობლები სახელმწიფო სერვისებში ჩასართავად ვაუჩერების აღდგენას ითხოვენ

დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს. როგორც შშმ ბავშვების მშობლები აცხადებენ, ბენეფიციართა ნაწილს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის, ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეალიბიტაცია/აბილიტაციის  ქვეპროგრამების ვაუჩერების მიღება შეუწყდა.

სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები ვაუჩერებით ისეთ მომსახურებას იღებდნენ, როგორიცაა კომპლექსური თერაპია, ლოგოპედის  და განვითარების თერაპევტის მომსახურება და სენსორული თერაპია, რაც შშმ ბავშვების უნარების განვითარებისთვის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელია – მშობლების თქმით კი, ოჯახებისთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ლიკა ბერიძის შვილს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. როგორც ამბობს, პროგრამით ორ წელზე მეტხანს სარგებლობდა, თუმცა წელს სერვისით სარგებლობა შეუწყდა:

“მე ვსარგებლობდი ჯერ განვითარების თერაპიით, მერე ლოგოპედის სერვისით. ჩემი სახსრებით ვერანაირად გავაგრძელებ, ლოგოპედთან სიარული მოითხოვს დიდ სახსრებს. ჩვენი შვილები საჭიროებენ მუდმივ თერაპიას, რაც მუდმივ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ის შედეგები, რაც ჩვენ მიღწეული გვაქვს, ფაქტობრივად იკარგება,” – ამბობს ლიკა ბერიძე.

შშმ ბავშვის დედაა მარიამ აფციაურიც. მისი თქმით, პროგრამით უკვე 3 წელია სარგებლობს, თუმცა 2017 წლის დასაწყისში სერვისის მიღებაზე უარი მიიღეს:

“რეალურად, ჩვენ ვართ მოსარგებლეები წინა წლის და, როგორც პერმიერ-მინისტრის წინა წლის დადგენილებაში წერია, წინა წლის მოსარგებლე სარგებლობს უპირატესობით, მაგრამ ჩვენ რატომღაც ამ სიის მიღმა აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი ბავშვი მომლოდინეთა სიაშია, ვისაც ჯერ საერთოდ არ მიუღიათ ვაუჩერი და ელოდებიან. ეს სერვისი თითოეული ამ ბავშვების განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათი განვითარება ჩერდება, მათი წინსვლა ჩერდება და მათი მომავალი დგება საფრთხის წინაშე,” – ამბობს აფციაური.

შშმ ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 28.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შშმ ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 28.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შშმ ბავშვების მშობლებმა, რომელთა შვილებსაც პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიღება შეუწყდათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მისწერეს. სააგენტოში კი უთხრეს, რომ ბენეფიციარები მომლოდინეთა სიაში გადავიდნენ და მათი პროგრამაში ხელახლა ჩართვა ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში არსებული კრიტერიუმების მიხედვით მოხდება. კრიტერიუმების მიხედვით კი, პრიორიტეტული ის ბენეფიციარები არიან, რომლებიც წინა წლებშიც სარგებლობდნენ ამ სერვისით, მათი ოჯახები რეინტეგრაციის შემწეობას იღებენ, იმყოფებიან მინდობით აღზრდაში ან არიან სოციალურად დაუცველები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი მაია ბუჩუკური ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამა უწყვეტობის პრინციპით გრძელდება და ბენეფიციარებს არც ვაუჩერები შეჩერებიათ. მისი განმარტებით, ის ბენეფიციარები, ვისაც წინა წლის ვაუჩერი ამოეწურათ, ხელახლა განთავსდნენ რეესტრში და მათი პროგრამაში ჩართვა ეტაპობრივად მოხდება:

“პროგრამა გრძელდება უწყვეტობის პრინციპით, როგორც ყოველ წელს. იმავე ბიუჯეტით, რაც იყო გასულ წელს. ვაუჩერები არ შეჩერებულა. ვაუჩერი ვისაც ამოეწურა, რაც ჰქონდათ ერთი წლის ვაუჩერი გაცემული და შემდეგ დაიწერა განცხადებები მათზე, ხელახლა არის რეესტრი და რეესტრში პრიორიტეტების მიხედვით ჩაირიცხება ყველა ბავშვი ეტაპობრივად,” – ამბობს ბუჩუკური.

მისი თქმით, კრიტერიუმები იმიტომაა საჭირო, რომ პროგრამის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება, ყველა ბავშვის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მაინც არ ჰყოფნის:

“პროგრამა ნამდვილად საჭიროებს ბიუჯეტის გაზრდას, მაგრამ, ამავე დროს, ყოველწლიურად იზრდება ბიუჯეტი. თუმცა უკეთესი იქნება, თუ მეტი იქნება. 1 940 000 ლარია ბიუჯეტი. ვაუჩერების გაცემა დაწყებულია. ეს უწყვეტი პროცესია.  ადრეული განვითარების პროგრამაში დაახლოებით 600-მდე ბავშვია მომლოდინეთა სიაში, ამდენივე კი ჩართულია,” –  ამბობს მაია ბუჩუკური.

მისი თქმით, მარტის დასაწყისიდან, როდესაც პროგრამას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, ყველა მომლოდინე ბავშვი ვაუჩერს ვერ მიიღებს და მათი ჩარიცხვა ეტაპობრივად,” პრიორიტეტების მიხედვით მოხდება:

“ამ მომსახურებას ყველა ეს ბავშვი ისევ საჭიროებს, თუმცა პირველი მარტიდან შეიძლება ვერ ჩაერთოს და ჩაერთოს მოგვიანებით. ყოველწლიურად, 1 იანვარს იწყება ახალი პროგრამა. 1 იანვრიდან იწყება ახალი ბავშვების ჩართვა. ყველა პროგრამაში მაქსიმალური რაოდენობა არის ბავშვების ჩართული. ახლა პროგრამა რომ დამტკიცდება, თანხებიც მომატებული იქნება და უფრო მეტ ბავშვს ჩავრთავთ პირველი მარტიდან, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ ყველა ბავშვი ჩაერთვება,” – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი.

შშმ ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 28.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

შშმ ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 28.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მარი კორკოტაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ხელმძღვანელობს და თავადაც შშმ ბავშვის დედაა, ამბობს, რომ პროგრამა ეხმარება შშმ ბავშვებს, სკოლაში მომზადებული მივიდნენ. შეწყვეტის შემთხვევაში კი მიღწეული შედეგიც იკარგება. კორკოტაძის თქმით, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა მშობლები პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას და პრიორიტეტების გაუქმებას ითხოვენ. კორკოტაძე არც აქციების გაგრძელებას გამორიცხავს:

“პრიორიტეტების გაუქმება და ბიუჯეტის გაზრდა იმიტომ არის აუცილებელი, რომ მომლოდინეთა სიაში მხოლოდ ადრეულ განვითარებაში 600 ბავშვზე მეტი იმყოფება. სწორედ ბიუჯეტის გაზრდის შედეგად მოხდება ის, რომ ყველა ბავშვი დაკმაყოფილდება, აღარ იარსებებს მომლოდინეთა სიები და, შესაბამისად, აღარ დაგვჭირდება პრიორიტეტები,” – ამბობს კორკოტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი