ახალი ამბები

სკოლამ ადაპტირებული ტრანსპორტი არ გამომიყო, მე სასამართლო მოვუგე — ნინის ისტორია

16 თებერვალი, 2023 • 1290
სკოლამ ადაპტირებული ტრანსპორტი არ გამომიყო, მე სასამართლო მოვუგე — ნინის ისტორია

ნინი მაისურაძე 14 წლის იყო, როდესაც თელავის მე-9 სკოლაში რემონტის გამო სწავლა შეწყდა. ბავშვები სხვა შენობაში გადაიყვანეს. თუმცა ნინისთვის, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, სკოლამ არ გამოყო ადაპტირებული ტრანსპორტი. ბავშვი იმ წელს სწავლას ჩამოშორდა.

5-წლიანი ბრძოლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა და თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, დაადგინა შშმ ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

„ვიყავი სახლში მარტო, გულჩათხრობილი“

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ნინი მაისურაძე ყვება, რომ 14 წლის იყო, როდესაც თელავის მე-9 სკოლაში რემონტი დაიწყო. ბავშვები მოშორებით, სხვა სასწავლო კორპუსში გადაიყვანეს. ეს შენობა კი ნინის სახლიდან შორს იყო.

სიტუაციას ართულებდა თელავის მთაგორიანი რელიეფიც. ნინის არაერთი აღმართის გავლა დასჭირდებოდა, რომ სწავლა გაეგრძელებინა.

„ბავშვებისთვის გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელშიც მე დამოუკიდებლად ასვლას ვერ შევძლებდი — ეტლისთვის შეუფერებელი ტრანსპორტი იყო.

როდესაც სკოლას მივმართეთ, ისინი თანამშრომლობაზე არ წამოვიდნენ, არც სამინისტროს მიმართეს და არ მოუთხოვიათ, რომ ჰყავდათ შშმ მოსწავლე, რომელსაც სჭირდებოდა ტრანსპორტი. ასევე დაუკითხავად ჩამრთეს ე.წ. შინ სწავლების პროცესში, თუმცა მასწავლებლები არ მოდიოდნენ, რის გამოც დავრჩი სწავლის გარეშე“, — გვიყვება ნინი.

ნინი მაისურაძე. ფოტო: პირადი არქივიდან

მისი თქმით, სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ სახლში მარტო დარჩენილ მოსწავლეს თავისი კლასელები ენატრებოდა: „მე-9 კლასი იყო, ბოლო სასწავლო კლასი, როდესაც ჩემს კლასელებთან ყოფნა შემეძლო, რადგან ჩვენი კლასი იშლებოდა“.

ამ პერიოდში ნინი და მისი დედა ტრენინგს ესწრებოდნენ შშმ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, სადაც გაიცნეს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR]. ნინი იხსენებს, რომ ამ ტრენინგზე თავისი უფლებების შესახებ ისწავლა და მიხვდა, რომ ჰქონდა უფლება, საჭირო პირობები სასამართლოში მოეთხოვა.

თავდაპირველად თელავის რაიონულმა სასამართლომ ნინისა და PHR-ის სარჩელი არ გაიზიარა. ორგანიზაციის თანახმად, სასამართლომ დაასკვნა, რომ:

  1. სკოლის მოსწავლის ტრანსპორტით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დაწესებულების ვალდებულებას. თუ სკოლას გააჩნია შესაბამისი რესურსი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის უფლებამოსილი და არა ვალდებული, უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი სერვისით.
  2. ტრანსპორტის ტენდერის გამოცხადების დროს სკოლა ვალდებული არ იყო, გაეთვალისწინებინა მოსწავლის საჭიროება ა.შ.

2023 წლის 14 თებერვალს ეს გადაწყვეტილება გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ნინი დღეს 18 წლისაა, თუმცა ამბობს, რომ ამ საქმემ პოტენციურად სხვა ბავშვების უფლებები დაიცვა.

„ზოგადად, სასამართლოც იმიტომ წამოვიწყეთ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორებულიყო და სხვა შშმ ბავშვებსაც არ განეცადათ ის, რაც მე გამოვიარე. ვფიქრობ, რომ მათაც უნდა ამოიღონ ხმა, თუკი ვინმეს უსამართლოდ ექცევიან, რადგან ბრძოლას აზრი აქვს.

ძალიან გულჩათხრობილი ვიყავი, სახლში რომ ვიჯექი და ვერ ვნახულობდი ბავშვებს, მაგრამ შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ საკუთარი უფლებები უნდა დამეცვა. უფრო გავძლიერდი მას შემდეგ, რაც შესაბამისი ინფორმაცია მივიღე და ასევე, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მომცა მოტივაცია, მებრძოლა ჩემი უფლებებისთვის.“

მასალების გადაბეჭდვის წესი