ახალი ამბები

პრეზიდენტი: საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს იმ გმირებს, ვინც ჩვენი სამშობლო დაიცვა

25 თებერვალი, 2017 • 3078
პრეზიდენტი: საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს იმ გმირებს, ვინც ჩვენი სამშობლო დაიცვა

დღეს, 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა ტაბახმელაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლისთვის და  კოჯორში არსებული სანგრები 1921 წელს არსებული სახით აღდგება:

“დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლები იმიტომ, რომ ეს ქვეყანა,ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, ვინც დაიცვა ჩვენი სამშობლო.

რეალურად აქ მიმდინარეობდა ის ბრძოლები, რომელიც თბილისის აღებამდე ბოლო ბარიერი იყო და ჩვენ ვაპირებთ, აი, აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახო კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”,  – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იუნკერების მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნულიუშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.

 

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, ასევე პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი