ახალი ამბები

ეკა ბესელია: საპატრიარქოსთან მოხდა ინფორმაციის გაცვლა და არა მტკიცებულებების

23 თებერვალი, 2017 • 2694
ეკა ბესელია: საპატრიარქოსთან მოხდა ინფორმაციის გაცვლა და არა მტკიცებულებების

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ საპატრიარქოს ინფორმაცია გააცნო და არა მტკიცებულებები.

“არავინ ამბობს, რომ საქმის მტკიცებულებების გაცნობა და გადაცემა შესაძლებელია იმ პირთათვის, ვინც პროცესის მონაწილე არ არის. როცა პროკურატურის და ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ  საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, ხდება ინფორმაციის გაცვლა. არა მტკიცებულებების, არამედ ინფორმაციის გაცვლა, რაც აუცილებელია დიალოგისთვის,”-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების ნაწილი საპატრიარქოში გააცნონ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საპატრიარქოსთვის დეკანოზის საქმის მასალების გაცნობამ პროკურატურას დიდი ზიანი მიაყენა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი