ახალი ამბები

ომბუდსმენი: საპატრიარქოში მტკიცებულებების ჩამოტარება საკანონმდებლო ნორმებში არ ჯდება

23 თებერვალი, 2017 • 2603
ომბუდსმენი: საპატრიარქოში მტკიცებულებების ჩამოტარება საკანონმდებლო ნორმებში არ ჯდება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპატრიარქოში პროკურატურის გამართულ ვიზიტებს გამოეხმაურა. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მტკიცებულებების ჩამოტარება არც ერთ საკანონმდებლო ნორმაში არ ჯდება.

საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ვერავითარ საფუძველს ვერ ხედავს, რომ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების ნაწილი საპატრიარქოში გააცნონ.

“მე ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ, თუ რომელი ნორმის საფუძველზე ხდება გარეშე პირებისთვის საქმის მასალების გაზიარება… მტკიცებულებების ჩამოტარება არ ჯდება არც ერთ საკანონმდებლო ნორმაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველმა.

უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ მთლიანი სურათი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს პროკურატურის ქმედებების მიზანია, რომ დეკანოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შექმნას.

“ამ ყველაფრის მიზანია ბრალდებულის მიმართ ნეგატიური სურათის შექმნა კონკრეტულ ორგანიზაციაში და ზოგადად საზოგადოებაში, ვისთანაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰქონდა შეხება, რომ წინასწარ მოხდეს გარკვეული აზრის ჩამოყალიბება. ეს არის სერიოზული პრობლემა,” – აცხადებს სახალხო დამცველი.

ასევე, უჩა ნანუაშვილი ამბობს,  რომ მათ არ იციან, რა მტკიცებულებებს აჩვენებენ საპატრიარქოში კონკრეტულ პირებს.  მისი ინფორმაციით, მოწმეებს, რომლებიც ასევე არიან ჩართული ამ პროცესში, აქვთ თანხმობა გაცემული გაუთქმელობის ხელწერილზე, თუმცა გარკვეულ ინფორმაციას ახმიანებენ.

სახალხო დამცველმა ისიც აღნიშნა რომ ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როდესაც ბრალდებულის ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული – ადვოკატებს არ შეუძლიათ დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად ყველა ღონისძიებების გატარება, პროკურატურა კი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს მეტი ინფორმაცია.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი