ადამიანს უფლებათა ცენტრი: გვარამიას დაკითხვა დარღვევებით მიმდინარეობდა

ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს, 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაკითხვა არსებითი დარღვევებით წარიმართა.

“მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია სასამართლოში იკითხებოდა კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე, გამოძიება მას ძირითადად კითხვებს უსვამდა ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით, რაც არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად, მიმდინარე ფაქტის გამოძიებას არ უკავშირდება. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ გამოძიება ცდილობდა, გეზი ქრთამის აღების ეპიზოდისკენ მიემართა და კითხვებიც აღნიშნულის ირგვლივ იყო დასმული. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსამართლე არ ცდილობდა საქმესთან კავშირში არმყოფი კითხვების განრიდებას ან გამოძიებისთვის მითითებას, რომ კითხვები საქმის ირგვლივ დაესვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მოსამართლის პასიური როლი ნამდვილად არ უწყობს ხელს მოწმის უფლებების სათანადო დაცვას გამოძიების ეტაპზე. მაგისტრატი მოსამართლის როლი სწორედ ისაა, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დაკითხვის პროცესის სამართლიანად და სათანადოდ განხორციელებას,”- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მათი იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ სასამართლოში დაკითხვის პროცესს ნიკა გვარამიას ადვოკატის სტატუსით დაესწრო.

გვარამია სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს 2016 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. ამ ჩანაწერზე შსს-მ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით დაიწყო. 14 თებერვალს შსს-მ გნაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანსა და ნიკა გვარამიას შორის ჩანაწერი ავთენტური იყო და გგვარამია მოწმის სტატუსით დაიბარა. თავად გვარამია აცხადებს, რომ შსს-მ ექსპერტიზა გააყალბა და ჩანაწერი დამონტაჟებულია.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი