ახალი ამბები

ნიკა გვარამიას თქმით, მამუკა ახვლედიანთან გამოქვეყნებული საუბარი თავად ჩაიწერა

3 ოქტომბერი, 2016 • 1642
ნიკა გვარამიას თქმით, მამუკა ახვლედიანთან გამოქვეყნებული საუბარი თავად ჩაიწერა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს, 2 ოქტომბერს, გვიან ღამით გამოქვეყნებული საუბარი მასსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს შორის უშუალოდ მისი ჩაწერილია. გვარამიას თქმითვე, ჩანაწერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვარამიას კომპიუტერში უკანონოდ შეღწევის შედეგადაა მოპოვებული, ან  სუს-ს “რუსთავი 2”-ში ჰყავს თავისი წარმომადგენელი და სწორედ ამ გზით მოიპოვა აღნიშნული ჩანაწერი.

როგორც ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

“თავისთავად ცხადია, მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ჩემს ორ მოადგილეს ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე, ღირდა თუ არა შეხვედრა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ვყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რომ ან პროვოკაციას არ ჰქონოდა ადგილი, ან თუ რაიმე მნიშვნელოვანი ითქმებოდა, გამოგვეყენებინა შემდგომ მტკიცებულებად”,- განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერი ორ გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში:

“ეს ჩანაწერი პრაქტიკულად მაშინვე განადგურდა, იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, მაგრამ ჩემს კომპიუტერში იყო დაცული რაღაც პერიოდის განმავლობაში და იყო ჩვენს ქსელში რაღაც პერიოდის მანძილზე. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, რაც კიბერდანაშაულია. ჩვენთვის ძალიან პრობლემატურია, რომ მეორე ფორმით, არა მოსმენების, არამედ სხვა ფორმით ხდება ჩვენი შიდა ამბების გარეთ გატანა. ორი ვარიანტია- ან შეღწევა ხდება გარედან, ან, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებლი მასალები, იმიტომ, რომ ეს მასალები ხეელმისაწვდომი წესით არ უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ჩემი პერსონალური კომპიუტერი,”- განაცხადა გვარამიამ.

შსს-მ გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით).

გუშინ, 2 ოქტომბერს, გვიან ღამით ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში. ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერები ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის.

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა 2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მამუკა ახვლედიანს შორის დაძაბული ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს. 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი