ახალი ამბები

მართმევენ შესაძლებლობას, უსასყიდლოდ დავეხმარო მოქალაქეებს – HRC-ის იურისტი რუსულ კანონზე

5 აპრილი, 2024 • 3935
მართმევენ შესაძლებლობას, უსასყიდლოდ დავეხმარო მოქალაქეებს – HRC-ის იურისტი რუსულ კანონზე

„რატომ უნდა მერქვას მე უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირი, როდესაც ვემსახურები ჩვენ ქვეყანას?“ — კითხვას სვამს ნესტან ლონდარიძე, ადვოკატი, რომელიც წლებია უსასყიდლოდ ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.

ის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. პარალელურად, როგორ ადვოკატი, უფასოდ ემსახურება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, კერძო ადვოკატი დაიქირაონ. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დროს დაზარალებული მოქალაქეების დახმარება. სწორედ ნესტან ლონდარიძე იცავდა 2016 წელს, კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის გადანერგვის დროს გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის ინტერესებს.

ლონდარიძე ამბობს, რომ რუსული კანონი მას წაართმევს შესაძლებლობას, გააგრძელოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა.

„ამ ეტაპზე აქტიურად ვარ ჩართული სამედიცინო მომსახურებით დაზარალებული მოქალაქეების საქმეებში. ათეულობით ასეთი საქმე გაქვს. კიდევ, ვეხმარებით მსჯავრდადებულ პირებს — ვმუშაობთ ციხეში მყოფი პატიმრების პირობებსა და უფლებებზე. ზოგადად, ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც არანაირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ადვოკატი იქირაონ, რაც საკმაოდ ძვირი მომსახურებაა დღეს საქართველოში. ჩვენ ვემსახურებით ამ ხალხს ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით. ეს კანონი რიგით მოქალაქესაც ეხება, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით – მათ ართმევენ შესაძლებლობას, ისარგებლონ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სერვისებით“, — ამბობს ლონდარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

უფლებადამცველისთვის შეურაცხმყოფელია სტატუსი, რომელიც რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შეიძლება მიანიჭონ. ამბობს, რომ „აგენტის“ ან „უცხოეთის გავლენის გამტარებელი პირის“ სტატუსით მუშაობას არ გააგრძელებს.

მას შეუძლია, კერძო ადვოკატის რანგში გააგრძელოს მუშაობა და ბევრად მეტი შემოსავალიც ჰქონდეს, „მაგრამ რა ბედი ელის იმ ათობით ათას მოქალაქეს, რომლებიც დარჩებიან დახმარების გარეშე?!“

„რატომ უნდა მერქვას მე უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი პირი, როდესაც ქვეყნის ინტერესებს ვატარებ, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას? გამჭვირვალობას არ სჭირდება ე.წ. იარლიყების მიკერება – აგენტი, გავლენის ქვეშ მყოფი და ა.შ. გარდა იმისა, რომ ჩვენი მუშაობა ისედაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა, ჩვენი თითოეული თეთრი, ჩვენი შემოსავლის 20%-ს. ბოლოსდაბოლოს, ვიხდით ბიუჯეტში, ხომ?!

ეს არის თავდასხმა ორგანიზაციებზე არა იმიტომ, რომ გამჭვირვალე იყოს ჩვენი საქმიანობა, არამედ ჩვენი საქმიანობის შესაჩერებლად. დასმენის ინსტიტუტი არის ჩადებული ამ კანონპროექტში. ამას ძალიან მარტივად გამოიყენებენ, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას თავს მოახვიონ ხელოვნურად აღძრული საქმეები, შეჭრა და ა.შ.“, — ამბობს ლონდარიძე.

მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, „რუსული კანონის“ მიღებაზე უარის თქმიდან ერთი წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ იდენტური კანონპროექტი დააინიიცირა

3 აპრილს, პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ძველ და ახალ „რუსულ კანონებს“ შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად, ახლა მათი სამიზნე „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციაა“.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი