ახალი ამბები

კაპანაძე: მოსამართლეები ზეწოლაზე დადასტურებულად თავად არ საუბრობენ

7 თებერვალი, 2017 • 2148
კაპანაძე: მოსამართლეები ზეწოლაზე დადასტურებულად თავად არ საუბრობენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით აბსურდის თეატრის გაგრძელბაა:

“მე არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმესთვის სარწმუნო იყოს ვერსია, რომ ზეწოლის მიზნით ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს გაუგზავნოს დაზღვეული ფოსტა და მერე მისწერა მესიჯი. იმდენად აბსურდია და არასერიოზულია ეს ამბავი, რომ ვერ წარმომიდგენია, ეს ვინმემ სერიოზულად აღიქვას. თვითონ იმ გაანცხადებაში, რომელიც ამ მოსამართლეებმა დაწერეს და პროკურატურას მიმართეს, თავად ისინი წერენ, რომ ეს გავს პროვოკაციას მათ წინააღმდეგ და იქ არ არის დადასტურებულ ფაქტად, რომ ისინი მართლაც ზეწოლას განიცდიდნენ კონკრეტული ადამიანებისგან და ამის შესახებ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს პროკურატურას ბრიფინგზე. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის იმ აბსურდის თეატრის გაგრძელება, რომელსაც ბოლო დღეებში ვხედავთ”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ “რუსთავი 2”- თან საუბრისას.

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი