საზოგადოება

მობილიზაცია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეხებათ, თბილისი დუმს

28 სექტემბერი, 2022 • 1824
მობილიზაცია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეხებათ, თბილისი დუმს

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც შეეხება რუსეთში მცხოვრებ ორმაგი — მათ შორის, საქართველოს — მოქალაქეობის მქონე პირებს.

თბილისს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება და არ გამოუცია რაიმე გზამკვლევი საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, რუსეთში სამხედრო გაწვევას დაექვემდებარონ.

„ნეტგაზეთმა“ 23 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, ეხება თუ არა მობილიზაცია რუსეთში მცხოვრებ ორმაგ მოქალაქეებს, ეთნიკურად ქართველებს და რა უნდა ქნან მათ, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

„განსხვავებით რუსებისგან, რომლებიც ახლა აქ ჩამოდიან, ვისზეც უნდა ზრუნავდეს საქართველოს ხელისუფლება, არიან ის ორმაგი მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ ამ გაწვევის შედეგად ომში“, — გვითხრა საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დამფუძნებელმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე სერგი კაპანაძემ რუსეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეების საკითხის კომენტირებისას.

„ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცალსახად უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ამ ადამიანებს მიიღებს საქართველოში, მოუწოდოს მათ, დატოვონ რუსეთი — წავიდნენ სხვა ქვეყნებში ან დაბრუნდნენ საქართველოში და არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან ცუდია, რომ ასეთი განცხადება არ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრი განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ესეც რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის თუ კოლაბორაციონიზმის შედეგია“, — ამბობს კაპანაძე.

სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანას საკუთარი მოქალაქეების მიმართ კონკრეტული ვალდებულებები აქვს, თუმცა სანამ ვისაუბრებთ მობილიზაციაზე თავის არიდებაში დახმარების ნაბიჯების შესახებ, პირველ რიგში განცხადების და მოწოდების გაკეთებაც საკმარისი იქნებოდა.

ეხება თუ არა მობილიზაცია რამდენიმე მოქალაქეობის მქონე პირებს?

რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო პორტალი объясняем.рф განმარტავს, რომ „ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები კანონით განიხილება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად. მათ ეხებათ ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის სამშობლოს დაცვა“. ამავე განმარტებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საზღვრის გადაკვეთის წესებიც იგივეა, რაც რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, თუ რუსეთი ჩაკეტავს საზღვარს იმ პირებისთვის, რომლებსაც მობილიზაცია ეხება, შეზღუდვა გავრცელდება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზეც.

მაგალითად, 2020 წლის მარტში, როდესაც რუსეთმა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს საქართველოში დაბრუნების პრობლემა შეექმნათ.

სხვა ვქეყნების/ლიდერების რეაქცია

ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, უზბეკეთის საელჩომ რუსეთის ფედერაციაში გაავრცელა განცხადება და კვლავ გააფრთხილა თანამემამულეები, რომ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში ან სამხედრო ოპერაციებში უკანონო მონაწილეობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საელჩო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც არის უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, არ არის აღიარებული უცხო სახელმწიფოს მოქალაქედ. უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა დაკარგულად ითვლება მხოლოდ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემის დღიდან.

მანამდე უზბეკეთის გენერალურმა პროკურატურამ, ასევე, მოუწოდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, არ შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს და არ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება გააუქმოს მოქალაქეობა მათ, ვინც უკრაინაში რუსეთის მხრეს საბრძოლველად მიდის. სანდუმ თქვა, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ ორმაგი — მოლდოვისა და რუსეთის — მოქალაქეობის მქონე ზოგიერთი ადამიანი საბრძოლველად გამოიძახონ.

„ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ვაანალიზებთ მოლდოვის მოქალაქეობის გაუქმების პროცესის გამოყენების შესაძლებლობას იმ ადამიანებისთვის (რუსული პასპორტებით), რომლებიც იბრძვიან აგრესორის მხარეს“, — თქვა სანდუმ.

ასევე, მოლდოვა განიხილავს სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას მოლდოვის მოქალაქეებისთვის (რუსული პასპორტების გარეშე), რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში არიან.

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა წახიაგიინ ელბეგდორჯმა გაავრცელა მიმართვა და რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მოუწოდა, არ ესროლონ უკრაინელებს. მისი თქმით, ბურიატი, ტუვა და ყალმუხი მონღოლები ყველაზე მეტად დაზარალდნენ და გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი.

„ბურიატები, ტუველები და ყალმუხები ძალიან დაზარალდნენ. ისინი გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი – ასობით დაჭრილია, ათასობით მოკლული“, – ეს მიმართვა მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა წახიაგიინ ელბეგდორჯმა იუთუბზე გაავრცელა.

„ჩვენ, მონღოლები, შეგხვდებით გაშლილი ხელებითა და გულით“, — მიმართა მან ბურიატებს, ტუველებსა და ყალმუხებს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/437959/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი