კომენტარი

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ 24 ივნისის სამიტამდე

10 ივნისი, 2022 • 2108
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ 24 ივნისის სამიტამდე

ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის ფონზე, რა ნაბიჯები შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას 23-24 ივნისამდე, – მანამ, სანამ ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მიიღებს გადაწყვეტილებას?

საკითხი ასე დასვა საქართველოს საკითხებზე მომუშავე წამყვანმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ 23-24 ივნისის სამიტამდე ქართველ პოლიტიკოსებს კვლავ აქვთ დრო „რაღაცების გამოსასწორებლად“:

„შეწყვიტეთ მაპოლარიზებელი ენის გამოყენება, დაუბრუნდით 19 აპრილის [შარლ მიშელის] შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია“, – დაწერა მან.

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხზე პოლიტიკის კომენტატორებს ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა ნაბიჯს ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ პირველ რიგში პოლიტიკური ნების არსებობაა საჭირო.

„მზაობის გამოვლენა პრობლემების გადასაჭრელად“

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი, ანა ანდღულაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც აისახა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში, „საკმაოდ სერიოზული ხასიათისაა და შეიძლება მათი სრულად გადაჭრა დღეს და ხვალ ვერ მოხერხდეს“, თუმცა:

„იმ დროში, რაც არის დარჩენილი, – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული 23-24 ივნისს, დაახლოებით ორ კვირაში, – არანაკლები მნიშვნელობა მიენიჭება იმას, თუ როგორ უპასუხებს ქვეყანა ამ კრიტიკასა და შენიშვნებს, რაც გაჟღერდა რეზოლუციაში, და რა პოზიციონირება აქვს მას ამაზე“.

ანა ანდღულაძის თქმით, ამ აზრით ძალიან მნიშვნელოვანია „დემოკრატიული პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობისა და ამ მხრივ პოლიტიკური ნებისა და მზაობის გამოვლენა“, რაც, მისი ვარაუდით, გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც.

„საჭიროა ხაზგასმა, რომ საქართველო იქნება და რჩება ერთგული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებისა, მათ შორის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; რომ საქართველო მზად არის, ამ მხრივ გამოწვევების გამოსწორებაზე იმუშაოს. მგონია, რომ ეს უნდა იყოს გზავნილი. და უნდა გააქტიურდეს ეფექტური, შინაარსიანი კომუნიკაცია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, მათ შორის წევრ-სახელმწიფოებთან, რათა მათთვის ეს გზავნილი მიწოდებული იქნას“, – გვეუბნება იგი.

კონკრეტულად?

სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელი („ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი) ჩამოთვლის რამდენიმე ნაბიჯს, რაც, მისი აზრით, უპასუხებს იმ პუნქტებს, რაც რეზოლუციაში იყო ასახული. მაგალითად:

  • „ნიკა გვარამიას გათავისუფლება, [შეწყალება; რაც შეუძლია გააკეთოს პრეზიდენტს];
  • მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ტრანსფერით სამკურნალოდ გაშვება საზღვარგარეთ,  რაც არის მთავრობის პრეროგატივა;
  • დასჯა იმ ადამიანებისა, რომლებიც 5 ივლისის ძალადობაში, მათ შორის ორგანიზებაში, მონაწილეობდნენ;
  • იმ სისხლისსამართლებრივი საქმეების შეწყვეტა, რომელიც მედიამენეჯერების და ტელეკომპანიების დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ამ მედიასაშუალებების ფუნქციონირებას“.

სერგი კაპანაძის თქმით, მედიასაშუალებების ფინანსური ამნისტია , – კანონის მიღება ფინანსური ამნისტიის შესახებ, რათა მედიას საგადასახადო დავალიანებები მოეხსნათ, – იქნებოდა „ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ჟესტი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ და ქვეყნის შიგნით მედიაგარემოს გასაჯანსაღებლად“.

„ხელისუფლებას შეუძლია, უარი თქვას იმ პრაქტიკაზე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში მისდევს, როდესაც „ცილისწამების საქმეები“ მიმდინარეობს მედიასაშუალებების წინააღმდეგ, და ძირითადად ამას აკეთებენ საჯარო მოხელეები; ამ პრაქტიკის ამოცანა არის მსუსხავი ეფექტის შექმნა, რათა ჟურნალისტებმა თვითცენზურა დაიწესონ“, – ამბობს ის.

„ამის გარდა, მათ [„ქართული ოცნების“] ადგილზე, მე მივუბრუნდებოდი იმას, რაც შარლ მიშელის [19 აპრილის] შეთანხმებაში წერია და რაც არ აქვთ ჯერ გაკეთებული, იქნება ეს 5%-იანი ბარიერის საკითხი, ძალაუფლების განაწილება პარლამენტში, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები… მათ ადგილზე, პროაქტიულად გავაკეთებდი განცხადებას, რომ ამ პროცესს ვიწყებთ და ასე და ამგვარად ვაპირებთ, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ“, – გვეუბნება სერგი კაპანაძე.

„ნდობა“

სერგი კაპანაძის თქმით, „ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, რამდენიმე კვირაში, მნიშვნელოვანი საკითხები დაიძრას და რეფორმები გატარდეს“: „ასე ხდებოდა და ხდება ყველგან. არაფერი გასაკვირი აქ არ იქნება ევროპელებისთვისაც. სწორედ ეს არის, სხვა მიზეზებს შორის, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ევროკავშირის გაფართოება, როგორც ეფექტური საგარეო პოლიტიკური და გაფართოების თუ პირობითობის ინსტრუმენტი, მუშაობს წარმატებით.

ანა ანდღულაძე, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი, ხაზს უსვამს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რეპუტაციას და „ეს რეპუტაცია, თუ გუშინდელი რეზოლუციით ვიმსჯელეთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

„მართალია, ერთი მხრივ, [კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე] გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ხელისუფლება, მაგრამ მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება [აირეკლავს] ზოგადად იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს, – დაწყებული 2004 წლიდან, როცა საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში, გაგრძელებული მოგვიანებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართვიდან, და დასრულებული ქართველი ხალხი 80%-ზე მეტის გაცხადებული მხარდაჭერით ევროკავშირის წევრობისადმი. ჩემი აზრით, ფაქტორების ეს ერთობლიობა ითამაშებს გარკვეულ როლს კომისიისა თუ წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში“, – ამბობს იგი და დასძენს:

„ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, – რეპუტაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქვეყანას, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, აქვს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, და ნებისმიერი ვალდებულების შემთხვევაში, – თუ დათქმით მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, – უნდა დამტკიცდეს, რომ ეს მზაობა არის. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, მუშაობა იქნება საჭირო, რათა ეს რეპუტაცია, როგორც მინიმუმ, გამოსწორდეს; რომ ქვეყანამ დაამტკიცოს, შესაძლებელია დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება და შემდეგ უკვე პროგრესისკენ წასვლა. თუმცა ამის პოლიტიკური ნება უნდა იყოს, და თუ ეს ნება არ დადგა, რთულია დანარჩენ საკითხებზე საუბარი“.

„პოლიტიკური ნება არ არსებობს“

სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ნება არ არსებობს: „ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მათ შეუძლიათ გააკეთონ, ოღონდ მე არ მგონია, რომ ისინი ამას გააკეთებენ. ის რიტორიკა, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის ყველაზე უფრო შორს იმისაგან, რაც ახლა ვთქვი“.

„ეს არის ის ნაბიჯები, რასაც კონსტრუქციულად გადადგამდა ხელისუფლება, ევროინტეგრაციის ინტერესი რომ ჰქონდეს. თუმცა ის, რასაც ახლა ამბობენ, რა რიტორიკაც ირაკლი კობახიძემ განავითარა გუშინ, შემდეგ კი, მათმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, ამის ფიქრის საფუძველს არ გვაძლევს“, – ამბობს იგი.

„თურმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი; ის არაფერი რეალური შედეგის მომტანი არ არის; ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ განგებ ასწიეს ეს თემა ქვეყნის შიგნით, რათა ამისთვის არაადეკვატური მნიშვნელობა მიენიჭებინათ, შემდეგ კი თავად გამოუთხარეს ძირი ამ საკითხს ბრიუსელში, რათა კანდიდატობაზე უარი მიგვეღო, ეს ყველაფერი კი გააკეთეს იმ მიზნით, რომ საქართველოში გაბრაზებული ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და დაამხოს ხელისუფლება; და ეს ყველაფერი თურმე მომზადდა, დაიწერა „ბაკურიანის კომიტეტზე“. და ამას აკეთებენ თურმე იმიტომ, რომ შემდეგ ჩართონ საქართველო ომში“, – „ეს არის ის ხაზი, რასაც მწყობრად ავითარებს „ქართული ოცნება“.

„ამის ფონზე, იმის მოლოდინის ქონა, რომ ხელისუფლება ჩამოთვლილ ნაბიჯებს გადადგამს, არაადეკვატურია“, – მიიჩნევს კაპანაძე.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რის გამოც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ევროპარლამენტი გააკრიტიკეს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოწოდება იყო. სერგი კაპანაძე ამ საკითხს ასე უყურებს:

„ეს ჩანაწერი პირდაპირ ბმაშია ამ საკითხთან. თუ ასეთ [პოზიტიურ] ნაბიჯებს გადადგამ, მაშინ არანაირი არგუმენტი არ დარჩება ევროკავშირს, არანაირი სურვილი არ ექნებათ ევროპელებს იმისთვის, რომ მოახდინონ სანქცირება. სანქციების თუ ეშინია [ბიძინა ივანიშვილს], თუ არის ეს მისთვის პრობლემა, – და როგორ შეიძლება, მისთვის ეს პრობლემა არ იყოს, – ეს ნაბიჯები უნდა გადადგას. ძალიან მარტივია ჩემთვის ეს ლოგიკა. სანქციები თუ არ გინდა, ეს უნდა გააკეთო, რათა შემდეგ სანქციები აირიდო თავიდან“.

„უნდა ესმოდეს „ქართულ ოცნებას“, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც სანქცირებაა ნახსენები, არ არის ფარატინა ქაღალდი, არ აქვს „ჩალის ფასი“, როგორც კობახიძემ თქვა. მართალია, ევროპარლამენტი არ აწესებს სანქციებს, მაგრამ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მოუწოდებს სანქცირებისკენ მთავრობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ამას შემდეგ ბუნებრივად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. ამით სანქციების თემა გაიხსნა, კი არ დაიხურა. გაიხსნა და თუ უნდათ, თავიდან აიცილონ ამ მიმართულების განვითარება, ეს რაღაცები უნდა გააკეთონ. რაც შეიძლება, მალე“, – გვეუბნება სერგი კაპანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი