ახალი ამბებიკომენტარი

ძალიან მძიმე ბრალდებაა, ამიტომ, იმედია, უკრაინა მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის — კაპანაძე

4 აპრილი, 2022 • 4027
ძალიან მძიმე ბრალდებაა, ამიტომ, იმედია, უკრაინა მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის — კაპანაძე

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელ (GRASS) სერგი კაპანაძის თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ბრალდება საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით რუსეთში შეტანასთან დაკავშირებით „გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“.

„ეს არის იმდენად მძიმე ბრალდება, რომ ხარისხობრივად ცვლის საერთოდ ჩვენი ხელისუფლების პოზიციონირებას. ერთია, როდესაც განცხადებებს აკეთებ, რომ არ უერთდები სანქციებს; განცხადებას აკეთებ და რუსეთს არ ახსენებ; რეზოლუციას იღებ და რუსეთს არ ახსენებ, რაც დასაგმობი და მავნებლურია, მაგრამ მეორეა, როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებ. ამიტომ, მე იმედი მაქვს, უკრაინული მხარე მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის, უფრო მეტ კონკრეტიკას, რომ ამაზე შეგვეძლოს უფრო ზუსტი რეაგირება. მე კი ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი რამე შეიძლება გააკეთოს ხელისფლებამ, უბრალოდ ეს არის საკმაოდ მძიმე ბრალდება, მთლიანად ცვლის მდგომარეობას და პოტენციურად იწვევს არა მარტო უკრაინასთან საგარეო ურთერთობების გაფუჭებას, არამედ ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო დასავლეთის ქვეყნების შავ სიაში მოხვდეს. ამიტომ მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მალე ამაზე უფრო მეტი გახდება ცნობილი“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კაპანაძემ.

მისი თქმით, უკრაინული დაზვერვის განცხადებები ყოველთვის იყო საფუძვლიანი და მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ „ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი და ნანახი, კონკრეტულად რაზეა საუბარი“.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ მართლაც ასეა, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე, რომელსაც ძალიან მძიმე რეაქცია ექნება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, არამარტო უკრაინის მხრიდან, მე მგონია, რომ მეტი უნდა ვიცოდეთ. საქართველოს ეროვნულ ინტერესშია, ხელისუფლებამ გააბათილოს ეჭვები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რეაქცია იყოს არა ის, რაც აქამდე არის ხოლმე — პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, ოპოზიციის დადანაშაულება და ა.შ., არამედ  კონკრეტული, და ახსნა მოჰყვებოდეს, რეალურად რაზეა საუბარი“, — ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც უკრაინული მხარე ამბობს, აშშ-ის და დასავლეთის რეაქცია იქნება უმძიმესი.

„განცხადებები დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ფაქტებია ამის უკან, ამიტომ მგონია, რომ ძალიან მალე გაირკვევა ეს ყველაფერი“, — დასძინა კაპანაძემ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოზე. ამასთან, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს  დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“, — აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური და დასძენს, რომ განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაც.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „ყოვლად დაუსაბუთებელ და აბსურდულ ბრალდებას“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.

„ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჰიბრიდული ომის ნაწილად მონათლა.

„კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე. ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს, ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

გია ლორთქიფანიძე, რომელიც ენმ-ის მმართველობის დროს შს მინისტრის მოადგილე იყო, სინამდვილეში არა თავდაცვის სამნისტროს დაზვერვის სამსახურში, არამედ კონტრდაზვერვის სამსახურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

გააჩერეთ თქვენი ხელისუფლება და აუხსენით, რომ ასე არ შეიძლება — უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს

ფინანსთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს უკრაინის დაზვერვის ბრალდებას

მასალების გადაბეჭდვის წესი