“რეალური სივრცე” “მოამბეს” არ შეუერთდება – ზაუტაშვილის უარი მაღლაფერიძეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი უარს ამბობს არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, “რეალური სივრცე” “მოამბეს” უნდა შეერთდებოდა. ამის შესახებ დღევანდელ “რეალურ სივრცეში” თავად გადაცემის წამყვანმა განაცხადა, სადაც ვასილ მაღლაფერიძე და თიკო ბერძენიშვილი არხის განვითარების გეგმების შესახებ საუბრობდნენ.

ნინო ზაუტაშვილის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები არ გაგრძელდა და დაიხურება, მიიღებენ თუ არა გასამრჯელოს არხის თანამშრომლები, არხის დირექტორის მოადგილე თიკო ბერძენიშვილი პასუხობს:

“ხელფასს როგორ მიიღებს, თუ გადაცემა დაიხურება?! ვამბობთ, რომ გადაცემები არ იხურება. იმ შემთხვევაში, ჰიპოთეტურად, თუ დაიხურება, ცხადია, ახლა რომ კომპენსაციების ხარჯზე, ალბათ, სამწუხაროდ, რამდენადაც რთული არ უდნა იყოს და მე ჯერ ვერ წარმომიდგენია, როგორც შეიძლება მოხდეს, ალბათ, ასე იქნება. ხელფასს როგორ გადაუხდი, თუ გადაცემა იხურება.”

თიკო ბერძენიშვილის განცხადების შემდეგ ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ვასილ მაღლაფერიძისგან ჰქონდა შემოთავაზება, 1 თებერვლიდან სხვა ფორმატით გასულიყვნენ ეთერში, რაზეც უარი განაცხადა.

“ბატონო ვასილ, პირადად ჩემი სახელით მინდა გითხრათ და იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდიც სოლიდარულია ჩემთან – ჩვენ მივიღეთ თქვენგან შემოთავაზება. ეს შემოთავაზება რომ მიგვეღო, გამოდის, რომ 1 თებერვლიდან ეთერში ვეღარ ვიქნებოდით. ეს არის ფაქტი და ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. ვგულისხმობთ იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო გადავსულიყავით სხვა განყოფილებაში და იქ გაგვეგრძელებინა მუშაობა, ოღონდ არ ვიცი, რამდენად იქნებოდა ეს “რეალური სივრცის” ეგიდით. ჩვენთვის რეალური სივრცე არის იგივე, რაც დაახლოებით სიცოცხლე – პირადად ჩემთვის ეს ასეა. ამიტომ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ შემოთავაზებისთვის,” – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

გადაცემის წამყვანის განცხადებას მაღლაფერიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ნინო ზაუტაშვილის ნათქვამში რამდენიმე უზუსტობა იყო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზაუტაშვილის გუნდი შეთავაზებას მიიღებდა, პირველი თებერვლიდან იქნებოდნენ ეთერში. როგორც მაღლაფერიძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ ზაუტაშვილს შეხვდა და დაუდასტურა, რომ “რეალური სივრცე” არხზე ერთ–ერთი საუკეთესო გადაცემა იყო.

“ერთი კვირა ვისმინე, რომ მე თქვენს გადაცემას ვხურავ. ეს არის სრული ტყუილი და სპეკულაცია. თქვენ პირველი თებერვლიდან კიარა, სულ რომ ყოფილიყავით… დღესაც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეთერში იჯდეთ. არაფერი იმის შესახებ, რომ თქვენს გადაცემას ვხურავ და ამის გამო წუხილი – ამაზე არაფერი არ ყოფილა, მაყურებელს მინდა ვუთხრა. პირიქით, თქვენი გადაცემა რომ ყოფილიყო ეთერში, თქვენი ძალიან კარგი თანამშრომლები რომ ყოფილიყვნენ ეთერში, იმიტომ იყო ჩემი შეთავაზება. ჩემი შემოთავაზება ღიად გამოიტანეთ. რა, წადით-თქო, ასე გითხარით? პირიქით, ნიუსში რომ გადმოსულიყო და სოციალურ–პოლიტიკური გაგრძელებულიყო, ეს შეთავაზება იყო. ვგულისხმობ ბლოკს და ეს მინდა მაყურებელმა იცოდეს,” – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ნინო ზაუტაშვილი იმედოვნებს, რომ პარაკევს “რეალური სივრცე” კვლავ გავა ეთერში, სადაც გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთხელ მოიწვია სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ პარასკევის გადაცემაში ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაღლაფერიძემ ამის შემდეგ აღნიშნა, რომ დამოკიდებულია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე: “ერთად დავუცადოთ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი, თუ შეიძლება ითქვას, მთავარი საკანონმდებლო ორგანო. დავიცადოთ.”

საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვისა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ ინფორმაცია თებერვლის დასაწყისში ვრცელდებოდა. დასახური გადაცემების ჩამონათვალში იყო “რეალური სივრცეც”, რასაც ჯერ ინტერნეტში, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების პროტესტი მოჰყვა.

დღეს, 6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დღესვე გაეგზავნა მაუწყებლის ბორდს. ეს გეგმა ითვალისწინებს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმციო პროგრამა “მოამბისა”.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმასთან ერთად სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერების მიერ აღწერილ პრობლემებიც გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მოვალეობის შესრულების პირველივე დღეს შეხვდა მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერებს და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ იმ პრობლემების ხედვა, რაც მათი გადაცემის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.