“პრევენციული აქცია” გადაცემა “რეალური სივრცის” მხარდასაჭერად [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი  საზოგადოებას თავის გეგმებს ორშაბათს წარუდგენს, მანამდე კი, დღეს, საზ.მუწყებელთან აქცია გაიმართა გადაცემა “რეალური სივრცის” მხარდასაჭერად.

კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის” პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობა “რეალური სივრცის” და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუების შეჩერებას აპირებს.

“ეს არის პრევენციული აქცია, რომელიც ეხმაურება პრინციპში დაუდასტურებელ ინფორმაციას და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს თავში აზრადაც კი არ მოუვა, რომ ამ გადაცემის დახურვაზე იფიქროს”, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი არობელიძემ დღეს, 5 თებერვალს.

3 თებერვალს, საღამოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ “გადაცემებს არ ხურავენ”, თუმცა მანამდე, მათ შორის ნეტგაზეთთან საუბარშიც, მაღლაფერიძე კონკრეტიკისაგან თავს იკავებდა.

დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ “რეალური სივრცე” სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი (“შესაძლოა ერთადერთიც”) პლატფორმაა, რომელიც ჩაგრული ჯგუფების პრობლემებს აშუქებს სიღრმისეულად:

“ამ გადაცემაში ისმის მუშების, სტუდენტების, ქალების ხმა”, – გვითხრა აქციის მონაწილე ნათია ქარჩილაძემ.

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემა "რეალური სივრცის" მხარდასაჭერად © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაცემა “რეალური სივრცის” მხარდასაჭერად © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

“მე ვარ შშმ მოზარდის დედა. რეალური სივრცე ამ თემებს ხშირად აშუქებს, ამას სხვა ტელევიზიები არ აკეთებენ”, – ამბობს ლელა ჯანაშია.

“ჩვენ აქ ყოფნით ვიცავთ არა მხოლოდ ერთ გადაცემას, არამედ ვიცავთ დემოკრატიას, რომელიც საფრთხეში დგება”, – აცხადებს გრიგოლ გეგელია, პოლიტიკური აზრის ისტორიკოსი.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად “რეალური სივრცის” წამყვანი და ავტორი, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი გავიდა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და შემდეგ ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარები:

"რეალური სივრცის" წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და სოსო კაციტაძე გადაცემის მხარდამჭერებს შეხვდნენ. 05.02.17 © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

“რეალური სივრცის” წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და სოსო კაციტაძე გადაცემის მხარდამჭერებს შეხვდნენ. 05.02.17 © დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

“რეალური სივრცე ვერ დაიხურება. მისი გაჩერების არანაირი შანსი არ არსებობს. რეალურ სივრცეში მოდიან რეალური ადამიანები თავიანთი პრობლემებით იმ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა. მოუსმინეთ ადამიანებს. მათ აქვთ პრობლემები. ადამიანს, რომელსაც სტკივა, შენ თუ ყელში მოუჭერ და სათქმელს არ ათქმევინებ, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ნებისმიერ მთავრობას”, – განაცხადა ზაუტაშვილმა.

კითხვას, ჰქონდა თუ არა მას კომუნიკაცია გენდირექტორთან, ზაუტაშვილმა უპასუხა, რომ კი, ის შეხვდა მაღლაფერიძესაც და მის მრჩეველ ია ანთაძესაც, თუმცა ხვალამდე კონკრეტიკაზე ვერ ისაუბრებს:

“მე ველოდები ორშაბათის 12 საათს”, – თქვა ზაუტაშვილმა და დასძინა, რომ თუ ხვალ, 12:00 საათზე “რეალურ სივრცეზე” საუბარი არ იქნება, მაშინ ის ილაპარაკებს ამ თემაზე, ოღონდ 18:00 საათზე. ხვალ, 12 საათზე ვასილ მაღლაფერიძის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც მან თავისი გეგმების შესახებ უნდა წარადგინოს ინფორმაცია.


ამბის მოკლე ისტორია

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა 3 თებერვალს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მომავალ პარასკევს გადაცემა ეთერში შესაძლოა აღარ გავიდეს.

გადაცემა “რეალური სივრცის” შესაძლო დახურვის ან მისი ფორმატის შეცვლის, ისევე როგორც მაუწყებლის თანამშრომლების მასობრივად დათხოვნის  შესახებ ინფორმაცია ბოლო ორი დღეა ვრცელდება.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მამაღლაფერიძე GPB–ის განვითარების გეგმას ორშაბათს, 12:00 საათზე მედიას წარუდგენს, ხოლო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განვითარების  გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს გადასცემენ განსახილველად.

3 თებერვალს კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც 12 ორგანიზაციას აერთიანებს, ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა.

“კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს, თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ.

კოალიციამ მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორშაბათს მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრის საჯაროობისკენ, თუმცა ამის შემდეგ დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა და არხის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაუწყებლის განვითარების ხედვას მედიას წარუდგენს, სამეურვეო საბჭოს კი წერილობით გაუგზავნის.

მედიის კოალიციამ იანვარშიც გაავრცელა კრიტიკული განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან, – განაცხადა 6 იანვარს კოალიციამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ გარემოების გამო აქვს.

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com