ახალი ამბები

მოსმენების კანონის ცვლილებაზე პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ

20 იანვარი, 2017 • 2051
მოსმენების კანონის ცვლილებაზე პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ

პარლამეტში მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ.

ჟურნალისტებისთვის შეხვედრა დახურულია. სხდომას ესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვეეტაძეც.

პარლამენტი ვალდებულია შეცვალოს კანონი მას შემდეგ, რაც 2016 წლის აპრილში საკონსიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს ერთწლიანი ვადა მისცა.

დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობა არასამთავრობოებს საკანონმდებლო ცვლილების საკუთარ ვერსიას წარუდგენს. კამპანია “ეს შენ გეხებას” გაერთიანებული ორგანიზაციების პოზიცია უკვე ცნობილია – ისინი ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს და, ამავდროულად, არ ექნება საგამოძებო ფუნქცია. ეს სააგენტო პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუსაბამებენ.

“შევქმენით საკმაოდ კარგი და მისაღები სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასაც და უსაფრთხოების გარანტიასაც იძლევა. ახლა უნდა მოვარგოთ ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ამ ორ მთავარ ცნებას, რაზეც სახელმწიფო დგას ფუნდამენტალურად – ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება, ამას არ შეეხოს. ძალიან ცდება ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის პირდაპირ დაკავშირებული ადამაინის უფლებების დაცვასთან,”- განაცხადა გია ვოლსკი შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

უმრავლესობის წევრებს არ უსაუბრიათ დეტალების შესახებ, თუ როგორ გეგმავენ კანონის შეცვლას და სად იქნება მოსმენების “გასაღები”.

“თუკი “გასაღები” დარჩა სუს-ს, არ შესრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ ვარიანტს პირადად მე არ განვიხილავ,”- ამბობს საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.

მისივე თქმით, თუკი მოსმენების განხორციელების ფუნქცია კვლავ სუს-ში დარჩა, მაშინ დაირღვევა საკონსტტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილება, რითაც არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს სუს-ში მოსმენების “გასაღების” არსებობა.

“ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელიც მაქსიმალურად იქნება დისტანცირებული სახემლწიფო უსაფრხოების სამსახურისგან და ძალოვანის სტრუქტურებისგან და ის განახორციელებს ტექნიკურად მოსმენებს,”- განაცადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

იგი მოსმენების არსებულ მოდელს, ე.წ ორგასაღებიან მოდელს, უწოდებს “ექსპერიმენტს”, რომელიც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.

“როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის წარუმატებელი ექსპერიმენტი,”-  ამბობს ლიკა საჯაია.

დღეს საქართველოში მოქმედებს ორეტაპიანი სისტემა, რომლის თანახმადაც, მოსმენების “გასაღები” არის სუს-ში, ხოლო “საკონტროლო გასაღები” აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა, შესაბამისად, პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დრო აქვს დარჩენილი კანონმდებლობის შესაცვლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი