ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთა ყრილობას არ დაესწრება

9 იანვარი, 2017 • 4792
ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთა ყრილობას არ დაესწრება

“ერთიანი ნაწიონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი  20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობას არ დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დაუდასტურა. ნადირაშვილის თქმით, ისინი ყრილობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ.

“ამ ნაწილში არიან თავმჯდომარეები რეგიონებიდან, თბლისიდან, მათ დელეგატების შერჩევაშიც არ მიუღიათ მონაწილეობა. იმის ნაცვლად, რომ მთავარი გადაწყვეტილებები, წესისამებრ, პოლიტსაბჭოს მიეღო, პარტიაში  შეიქმნა ექვსკაციანი ჯგუფი, რომელმაც ყრილობის ჩატარების წესები თავად დაადგინა და ხშირ შემთხვევაში არ ვიცოდით, ყრილობა როგორ უნდა ჩატარებულიყო, დელეგატები როგორ უნდა შეგვერჩია. წესების დაცვა არ მოხდა, შესაბამისად, პოლიტსაბჭოს სხდომა არ გაიმართა, რომელიც დაამტკიცებდა ყველა წესს, რითაც ყრილობა უნდა გამართულიყო. იქ ხმის მიცემის წესიც არაა განსაზღვრული და არც დათვლის და ამის გამო ვთვლით, რომ ყრილობა არის არალეგიტიმური” – ამბობს ირმა ნადირაშვილი.


დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის,  გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაცია  მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად  მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, ლევან ვარშალომიძეს, ზაზა ბიბილაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილსა და სხვა ლიდერებს დაუპირისპირდა. ძირითად საკითხებს შორის, რომელზეც პარტიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, პარლამენტის ბოიკოტი და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღება, სააკაშვილის როლი ენმ-ის მარცხში, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პარტიის ყრილობის ჩატარების წესია.

უფრო ვრცლად ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების შესახებ წაიკითხეთ აქ. გაიგეთ, რა ძირითად საკითხებზე ვერ თანხმდებიან ენმ-ის ლიდერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი