რა საკითხების გამო უპირისპირდებიან ენმ-ის ლიდერები ერთმენეთს – მოკლედ

ენმ-ში დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდანვე მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა.

დაპირისპირება ენმ-ში

დაპირისპირება ენმ-ში

საჯარო სივრცეში მიმდინარე დაპირისპირებიდან ჩანს, რომ ერთ პოზიციაზე არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაციისა თუ მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. დაპირისპირების მეორე მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად: ლევან ვარშალომიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვა ლიდერები. ჯერჯერობით არ გამოკვეთილა პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მკაფიო პოზიცია.

საკითხები, რომლებზეც ენმ-ში ვერ თანხმდებიან:

პარლამენტის ბოიკოტი, მეორე ტურები

უნდა შესულიყო თუ არა ენმ-ის არჩეული დეპუტაცია პარლამენტში 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უნდა მიეღოთ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატებს მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში? – პარტიის შიგნით ამ საკითხზე დისკუსია არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მეორე ტურებში მონაწილოების აზრს ვერ ხედავდა, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ. პარლამენტში შესვლის იდეას  პოლიტსაბჭოს მხოლოდ 9 წევრი შეეწინააღმდეგა.  

მიხეილ სააკაშილის როლი ენმ-ის მარცხში

ამ საკითხზე დისკუსია საჯაროდ უშუალოდ პარტიის ლიდერებს არ დაუწყიათ, თუმცა თემამ ფართო გამოხმაურება პოვა პარტიის მხარდამჭერებში სოციალურ ქსელებში.

თემაზე საჯარო დისკუსია შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა გახსნა, რომელმაც თქვა, რომ მარცხის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორთან დაკავშირებული რიტორიკა იყო, რომელიც გამოიხატებოდა შემდეგში: “ჩამოდის თუ არ ჩამოდის მიშა”. უტიაშვილის აზრით,  თავდაპირველად ენმ-სკარგი კამპანია ჰქონდა, თუმცა შემდეგ აგრესიული გახდა და ხალხმა დაიჯერა, რომ ენმ-ის მიზნებზე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები  სწორი იყო.

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვიღაცები შეიძლება შეშინდნენ, მაგრამ თავის ამომრჩეველის კონსოლიდაციაზე მუშაობდა, რადგან ისე ხმას არავინ არავის აძლევს.

“რატომ ვერ დაიცავით ხმები?”

ეს არის შეკითხვა, რომლითაც პარტიის მხარდამჭერების ნაწილი ენმ-ის მენეჯმენტს მიმართავს. მიხეილ სააკაშვილიც ამ დისკუსიის მონაწილე და ლიდერია. ენმ-ის ეს ფლანგი თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რამდენი პროცენტის დაცვაზეა საუბარი.

ენმ-ის მეორე ფლანგის წარმომადგენელი, დეპუტატი სერგი კაპანაძე თვლის, რომ არჩევნებში ხმების დაახლოებით 3-5% გაყალბდა. ზუსტი არგუმენტაცია, რატომ 3-5% და არა მეტი ან ნაკლები, ამ შემთხვევაშიც უცნობია.

“ძალიან ბევრი დოკუმენტაცია წარვადგინეთ როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. ამის ნაწილი გასაჩივრებულია, ნაწილი საჯაროდ გამოვიტანეთ. ეს ყველაფერი გვაქვს და სხვადასხვა მეთოდებით ვიბრძოლეთ ამ შედეგების გასაბათილებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ეს წარმატებით არ დასრულდა. საუბარი იმაზეა, მერე რა მეთოდები უნდა გამოეყენებინა პარტიას, ასეთი დარღვევების წინააღმდეგ უნდა მოეწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, თუ არა. პარტიის შიგნით ამ საკითხზეც არის აზრთა სხვადასხვაობა. მე მჯერა, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არის წინაპირობა, რომ ეს მომხდარიყო. არავისთვის კარგი არ იქნებოდა ასეთი აქციების აგორება”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

ურთიერთბრალდებები ღალატსა და ამომრჩევლისაგან გამიჯვნაზე

მხარეებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა ენმ-ის პოლიტსაბჭოს იმ განცხადებას მოჰყვა, რომელიც 4 ნოემბერს გავრცელდა. განცხადებაში წერია:

“კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი”.

განცხადების ეს ნაწილი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების იმ ნაწილმა, რომელიც ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან არის აფილირებული, შეაფასა, როგორც ენმ-ის გამიჯვნა პარტიის წევრებისაგან. განსხვავებული აზრი აქვს მეორე ფლანგს, რომელიც ამბობს, რომ აქ ლაპარაკია არა მხარდამჭერებზე, არამედ კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც ენმ-ის ლიდერების ბიძინა ივანიშვილთან გარიგების შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. 

სადავო გახდა ენმ-ის ციხეში მყოფი ლიდერის, გიგი უგულავას ღია წერილი, რომელიც შემდგომში რამდენიმე თემად გაიშალა. ერთგან უგულავა წერს: “ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და, შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას”.

მიხეილ სააკაშვილს თავის ერთ-ერთ განცხადებაში კონკრეტული სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა შემდეგი:

“ლაპარაკი დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი, 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელში, როგორ გააყალბებენ. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან, 600 ათას ამომრჩეველთან.

“იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები, არა მხოლოდ წარსულში, არამედ უკვე წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა, რომ მქონდეს”, – რუსთავი 2-ის ცნობით, თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უგულავას შესახებ თქვა, რომ ის სრულიად უსამართლოდ ზის ციხეში და გაიხსენა მასთან საფრანგეთში გამართული შეხვედრა, როცა თბილისის ყოფილი მერი საქართველოში ბრუნდებოდა:

“მე გიგის ვუსურვებ, რომ გამოვიდეს ციხიდან. როცა მიდიოდა [საქართველოში], მე ის ვნახე საფრანგეთში და ვუთხარი, რომ არ წახვიდე, ჩაგსვამენ ციხეში. მას სხვა აზრი ჰქონდა, მას მიაჩნდა, რომ წლის ბოლომდე თითს არ დამაკარებენო, მე ვუთხარი, საშიშია ,ჩაგსავამენ და შეიძლება გამოგიყენონ მძევლად”, – თქვა სააკაშვილმა ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა მძევლად ჩასმაში.

ახალი თავმჯდომარე

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ენმ-ს თავმჯდომარე არ ჰყავს. განვითარების არგუმენტაციით, ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საჯაროდ პირველად გიგი უგულავამ ისაუბრა თავის ღია წერილში. ამას დაპირისპირების მორიგი ტალღა მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აზრით, იმ ვითარებაში, როდესაც მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური დევნილია, ახალი თავმჯდომარის არჩევა არ შეიძლება, რადგან ეს მასთან გამიჯვნად აღიქმება და სააკაშვილისა და ენმ-ის მოწინააღმდეგეები ამით ისარგებლებენ. მეორე ფლანგის აზრით, მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე ისედაც არ არის, ახალი თავმჯდოამრის არჩევა პარტიას ინსტიტუციონალური განვითარებისათვის ესაჭიროება და ეს არანაირად არ ნიშნავს სააკაშვილთან გამიჯვნას.

ყრილობის მოწყობის წესი

ენმ-ის პოლიტსაბჭოზე განიხილებოდა პარტიის ყრილობის ჩატარების ორი ვარიანტი. ამ დაპირისპირებაში სააკაშვილთან აფილირებული ჯგუფი მხარს უჭერდა ყრილობაზე დელეგატების 7000-იან წარმომადგენლობას, ხოლო მეორე ფლანგის აზრით, ყრილობა 2158 დელეგატით უნდა ჩატარებულიყო. სააკაშვილი მხარს დელეგატთა 7000-იან წარმომადგენლობას უჭერდა, რომელმაც პოლიტსაბჭოში 1 ხმით გაიმარჯვა. გამარჯვებული ჯგუფის არგუმენტი იყო ის, რომ ბევრი დელეგატი ყრილობის გადაწყვეტილებას მეტ ლეგიტიმაციას შესძენს, ხოლო მეორე ჯგუფის აზრით, დელეგატების 2000-ის ფარგლებში წარმომადგენლობით ენმ ევროპული ტიპის ყრილობას ჩაატარებდა, სადაც სამუშაო გარემო იქნებოდა.

ბრალდებები მართვის არადემოკრატიულ წესზე

დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან აფილირებული ჯგუფი აცხადებს, რომ ენმ-ში გადაწყვეტილებების მიღების არადემოკრატიული და არაფორმალური პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ეს შეეხებოდა, მაგალითად, ენმ-ის საპარლამენტო სიის ჩამოყალიბების პროცესსაც. მეორე მხარის არგუმენტია ის, რომ გადაწყვეტილებებს პარტია შიდადემოკრატიით ანუ პოლიტსაბჭოში ხმათა უმრავლესობით იღებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com