ახალი ამბებიეკონომიკა

სამინისტროს 11 თვის მონაცემებით, ეკონომიკა საშუალოდ 2.4%-ით გაიზარდა

30 დეკემბერი, 2016 • 4292
სამინისტროს 11 თვის მონაცემებით, ეკონომიკა საშუალოდ 2.4%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 2.4%-ით გაიზარდა.

სამინისტროს ცნობით, მშპ-ის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ წლის ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლის ზრდამ. ამ მხრივ, მაღალი რეალური ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტების წარმოების სექტორში, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია 2016 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტის ზრდასთან.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების (როგორც პირველადი, ასევე არაპირველადი) რეგისტრაციის მაჩვენებელი.

“კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 33%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ზრდა მხოლოდ 2.6% იყო. ეს ირიბად მიუთითებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაზე, რაც თავის მხრივ აისახებოდა უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციების რეალურ ზრდაზე,” – აცხადებენ სამინისტროში.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2.4%-ით გაიზარდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში, რადგან მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი მცირდება: აზერბაიჯანი – (- 3.9%), რუსეთი – (- 0.7%), თურქეთი – 2.4%, სომხეთი – 2.3%.

მასალების გადაბეჭდვის წესი